პუბლიკაციები
თქვი სიმართლე, პრეზიდენტო! “სოციალისტური “ობშჩაგიდან” - კაპიტალისტურისკენ, ანუ ცხრაკლიტულს იქითა კორუფციის შესახებ

 სოციალისტური ეკონომიკიდან თავისუფალ საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლა ჩვენთან რევოლუციურად განხორციელდა, საბაზისო ურთიერთობათა ცვლილების დონეზე. მაგრამ სტატისტიკური რეალობის მიღმა ვირტუალურად არსებობს ზედნაშენური მოვლენები, რომლებიც ფორმირებად გარემოს “არასაწესდებო ურთიერთობებით” ჰყოფს. მაგრამ ამაზე ქვემოთ. ახლა კი იმაზე, რაც ყველაზე უფრო აწუხებს მოქალაქეებს.

ბაზარი ჩვენი განგაშისა

გაზეთის ფურცლებზე გადმოტანილი საბაზრო თემა ასე წარმოჩნდება: ფასების ზრდის ტენდენცია პრაქტიკულად ყველა პროდუქტზე 100-150 პროცენტს აღწევს.

თუ შარშან ერთი კილოგრამი ლობიო 2-2,5 ლარი ღირდა, დღეს 4-5 ლარია, ჭარხალსა და სტაფილოს 1,5 ლარად ყიდიან, ნიორს - 9-10 ლარად, ბულგარულ წიწაკას - 3 ლარად, კომბოსტოს - 60 თეთრად, ნიგოზს - 18-20 ლარად, მწნილს - 3,5 ლარად, სოკოს 4-6 ლარად. გაძვირდა ზეთი, ხორცი, რძის ნაწარმი, წიწიბურა ხომ გაძვირების რეკორდსმენია. 20-30 პროცენტით იმატა ფასმა ჰიგიენის საშუალებებზე. ამის მიზეზად მოვაჭრენი განბაჟების საფასურის გასამმაგებას ასახელებენ. გამყიდველები აღნიშნავენ, რომ პროდუქტების გაძვირებამ მნიშვნელოვნად შეამცირა მყიდველთა რაოდენობა, - წერდა ერთ-ერთ გაზეთი.

შედეგი ასეთია: 100-ლარიან პენსიას, რომელიც ისედაც 50-60 პროცენტით თუ აღწევდა საარსებო მინიმუმის დონეს, გაძვირების შედეგად საშუალოდ კიდევ 30 პროცენტი დააკლდა. სოციალური უზრუნველყოფის ეს სახე დღეს რეალურად გაუთანაბრდა კრიზისამდელი პენსიის 45 ლარს.

რა რეაქცია ჰქონდა ამ ყველაფერზე ხელისუფლებას? მასმედია წერდა: ფასების ზრდის გამო აჟიოტაჟი იმდენად დიდი იყო, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საჭიროდ მიიჩნია, პირადად გამოხმაურებოდა საზოგადოებრივ შეშფოთებას. სახელმწიფოს მეთაურმა მთავრობის წევრებს უბრძანა “მიიღონ სასწრაფო ზომები” ვითარების გამოსასწორებლად. ეს ღონისძიებები განიხილა მთავრობამ. ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ “კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი ხანგრძლივად მოქმედი საშუალება მოწოდებათა წყაროების დივერსიფიცირებაა”. პრემიერმა თქვა, რომ “მთავრობა უკვე დაუკავშირდა ყაზახეთს, უკრაინასა და აშშ-ს, საიდანაც მოგვაწვდიან ხორბალს”.

წყაროები აღმოჩენილია, აქტივობის სპექტაკლი დასრულებულია, სხვა საქმიანი წინადადებები ჯერ არ ჩანს.

დედაქალაქის მერია, რომელიც ვალდებულია, დაეხმაროს თუნდაც სოციალურად დაუცველ ადამიანებს, იზრუნოს პროდუქტების ცენტრალიზებული შემოზიდვის ორგანიზებისთვის ფასდაკლებით ან რაღაც ამგვარით, კრინტს არ ძრავს. ეგებ, გაძლიერებულად ზესაიდუმლო ვითარებაში, ინიციატივიან უგულავას ხელმძღვანელობით შეიმუშავებენ სუპერსანდო ანტიკრიზისულ პროგრამას! მით უფრო, რომ თვით ბატონი მერი საკმაოდ საზოგადო ფიგურაა, რომელიც, ტელესიუჟეტებს თუ დავუჯერებთ, მუშაობს მეპურედაც, `ნალბანდადაც და მჭედლადაც~ და გატაცებულია წითელი ლენტების გაჭრით ადგილობრივი მნიშვნელობის საბავშვო მოედნებისა და სკვერების საზეიმოდ გახსნისას.

აბა, რა გეგონათ!

ამ დროს კი რუსეთის პრეზიდენტმა შუბლშეჭმუხვნით განაცხადა: “რეგიონების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან, ყოველდღიურად თვალყური ადევნონ იმას, რომ მაღაზიებში პროდუქტები ნებისმიერი შეძლების მქონე ადამიანისთვის ხელმისაწვდომ ფასად იყოს. ეს განაცხადა გასულ სამშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და მოითხოვა, გაერკვნენ პურსა და ბურღულეულზე ფასების დაუსაბუთებელი გაზრდის მიზეზებში”.

ძნელი სათქმელია, რა გაგრძელებას ჰპოვებს ეს მეფური ჟესტი იქ, საზღვარს მიღმა. მაგრამ იგი ხაზს უსვამს თუნდაც კრიზისის სიტუაციის ადმინისტრაციულ აღქმას, რაც ასე გვაკლია ჩვენ სხვადასხვა ისტორიული მიზეზით და, აგრეთვე, ჩვენი ბიზნესის საპარლამენტო აღვირამოდებისა გამო.

ნებისმიერ სხვა ღარიბ ქვეყანაში ძალიანაც უხერხული იქნებოდა ხმამაღლა და საქვეყნოდ ლაპარაკი იმაზე, რომ `წარმატებულ ქვეყანაში~ საშემოსავლო გადასახადების შემცირების გრაფიკი, ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით გადავადებულია. გადასახადის ეტაპობრივად შემცირება 20 პროცენტიდან 15 პროცენტამდე დაკონსერვებულია, მისი შემცირება მხოლოდ 18 პროცენტამდე განხორციელდება, ისიც 2013 წლის პირველი იანვრიდან 2014 წლის პირველ იანვრამდე. გამოდის, რომ საშემოსავლო გადასახადი 2013 წლამდე უწინდებურად 20 პროცენტიან რეჟიმში “იმუშავებს”. ამას ახალი კანონის გარდამავალი დებულება ითვალისწინებს. საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა, ძალაში შევა 2011 წლიდან.

დოკუმენტში სხვა ახალი მასშტაბური ინოვაციებიცაა, მაგრამ უცვლელი რჩება ყველა საერთოეროვნული და ადგილობრივი გადასახადი. კანონმდებლების ტიტანური შრომა, რომელიც მათ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად გასწიეს, დასრულებულია! მაგრამ საკითხავია, რამდენი წელიწადი დასჭირდება ქვეყნის საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას _ ნახევარი საუკუნე თუ საუკუნე?

მართალია, გზა სრულყოფისკენ უსასრულოა, მაგრამ ჩვენ რაღაც აშკარად არ გამოგვდის და სასურველ შედეგებს სახელმწიფოებრივი მიმართულებით ვერ ვაღწევთ, უთუოდ იმიტომ, რომ ნებისმიერ საკანონმდებლო საქმიანობას ვიწყებთ არა მარტო ბიზნესის ცალკეულ პერსონალიებზე სწორებით, არამედ მთელი დარგებისა და მოქმედი საწარმოების “დამკრიშებელთა” სურვილებისა და მითითებების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში უპრიანია სამედიცინო და სამკურნალწამლო ბიზნესის გახსენება! ამბობენ, ფარმაცევტული ფასების დონით ჩვენ ვუსწრებთ განათლებულ ევროპასაც, ინიციატივიან ჩრდილოეთ ამერიკასაც, მოგება კი ამ სფეროებში ასტრონომიულ სიდიდეებს აღწევს სეზონური დაავადებების, ვაქცინაციის პერიოდებში, რომლებიც კრიმინალური სიუჟეტებით არის გამორჩეული. ასე იმიტომ ხდება, რომ დარგის მონოპოლიზაციას არასოდეს ამჩნევდა ხელისუფლება და ხელსაც არ ახლებდა. პრეზიდენტი კი სამსახურებრივი მოვალეობის გამო კორუფციასთან ბრძოლის ჭრილში ხან გაითავისებდა აქაურ პრობლემებს, ხან თანდათან ივიწყებდა. ყველაფერი მის გუნება-განწყობილებაზე იყო დამოკიდებული და იმაზეც, თუ რა ქარები ქროდა ოკეანის გაღმიდან საქართველოს მიმართულებით.

სხვა ქარები მას არ აწუხებს.

 

გამოცდილების გაზიარების გამოცდილება

ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გამოცდილების გაზიარებას საკმაოდ დიდი ტრადიცია ჰქონდა, რასაც ბელადებიც მხარს უჭერდნენ. მიუხედავად უამრავი უბედურებისა და ნეგატიური მომენტისა, ყველა ერთმანეთს რაღაც გამოცდილებას უეჭველად უზიარებდა, ჭკუას არიგებდნენ ერთმანეთს მოძმე საბჭოთა რესპუბლიკები.

ოღონდ არა - ე. წ. მარცხენა ფულის კეთების გამოცდილებას. ამ უზარმაზარი თანხის ლომის წილი რჩებოდა მთავარ სტრუქტურებში, როგორც ქურდული “ობშჩაგა” - კრიმინალური სამყაროს საერთო ფული, ერთგვარი “ბიუჯეტი”. ამ თანხებს აქტიურად იყენებდნენ ხან აუცილებელი შეღავათებისა და რესურსების მოსაპოვებლად, ხან გარკვეული კატეგორიის ჩინოვნიკების კარიერული ზრდისთვის და პირველი პირის თანამდებობაზე გზის გასაკვალად.

ახალ პირობებში, თამაში ახალი წესების ამოქმედების დროს ძველი “ცუღლუტობა”, წესით, დავიწყებას უნდა მისცემოდა.

მაგრამ მოხდა პირიქით.

ცხონებულმა ქართველმა მილიარდერმა ბადრი პატარკაციშვილმა სწორედ ვარდოვან რევოლუციონერთა დროს სენსაციური განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ საქართველოში ხელისუფლებამ ბიზნესს არაოფიციალური გადასახადი დაუწესა. ლაპარაკი იყო 500 მილიონ ლარზე. შემდეგ და შემდეგ ფულის გამოძალვის ახალი ფორმები და მეთოდები გამოიყენეს, ისეთი, როგორიც, მაგალითად, პროცესუალური შეთანხმებებია, ასევე, დაკავებულების გირაოთი გათავისუფლება და ა.შ.

რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლის ჩვენს პროვინციულ გამოცდილებას, იგი, თავისი ამორჩევითი ხასიათით, რა თქმა უნდა, მსოფლიო სტანდარტებს არ უპასუხებს. და ჩვენი პრეზიდენტი, რომელიც განვითარებად ქვეყნებში თავის კოლეგებს მოუწოდებს, გაიზიარონ მისეული გამოცდილება, აშკარად აჭარბებს. რადგან საშინაო კორუფციის არსი, ვიყოთ ცოტა გულუბრყვილონი, განსხვავებულად აქვთ წარმოდგენილი როგორც ამერიკელებსა და ევროპელებს, ასევე იაპონელებსა და ახალზელანდიელებს. მაგალითად, პურს ჩვენი არსობისა რომ ვყიდულობთ, ჩვენ აბსოლუტურად არ ვინტერესდებით მისი წონით, ხარისხით და ა.შ. რადგან თანმდევი ფასების ნუსხა მხოლოდ არქაიკაა დასავლეთის ცივილიზაციის, ჩვენთვის კი არსებითი ფაქტორია, რომელიც საშუალებას აძლევს ტანდემს “ხორბლის წარმოება - პურით ვაჭრობა” მიიღოს ზემოგება პურის ბატონის წონის შემცირების ხარჯზე და ნაქურდალი ნედლეულით აღურიცხავი მასშტაბური წარმოების შექმნის გზით, რომელიც, რა თქმა უნდა, გადასახადებით დაბეგრილი არ არის.

ეს სისტემა ერთნაირად ნაყოფიერად მუშაობდა გამსახურდიასა და შევარდნაძის დროს და ამჟამადაც ასე ფუნქციონირებს, თანაც აბსოლუტურად დაუფარავად.

გიფიქრიათ ოდესმე, რა შეგიძლიათ მიიღოთ, თუ პურის საწარმოო წონას 150-200 გრამ ცომს ჩამოაჭრით? ეს არის რეზერვი, რომლითაც იქმნება ჩრდილოვანი მილიონები. ეს თანხა იატაკქვეშა “კვლავწარმოებას” ხმარდება.

ბოდვაა?

არავითარ შემთხვევაში!

მაშ, რატომ არ ახლავს პურს ფასის მაჩვენებლები? იმიტომ, რომ, როცა გასაყიდად გამოტანილი პროდუქტის წონა არ ედრება თანმხლებ დოკუმენტაციას, მაშინ მჟღავნდება აშკარა კრიმინალი, რის გამოც “ადგილზევე” შეიძლება დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა. ხოლო ფასის მაჩვენებლის არარსებობის შემთხვევაში, ეს დანაშაული უნებურ შეცდომად შეიძლება ჩაითვალოს. უკვე რამდენი წელიწადია, ასე ვცხოვრობთ და მთელი ამ ხნის განმავლობაში ამ დარღვევისადმი ინტერესი არასოდეს გამოუჩენიათ მათ, ვისაც ჯერ არს.

გინდა-არგინდა, გაგახსენდება დაფასოებული პროდუქცია - შაქარი, ბურღულეული და სხვა, რომელიც, ადგილებზე “ტანსაცმელჩაცმული”, მომხმარებლამდე 50-100 გრამით შემსუბუქებული აღწევს.

მაგრამ ამით ყველაფერი არ ამოიწურება.

ქვეყანაში, რომელმაც კორუფცია დაამარცხა, ბაზარი მოსახლეობას გულუხვად აწვდის უმდაბლესი ხარისხის პროდუქციას, რომლის ადგილი წესითა და რიგით ამ სივრცეში არ უნდა იყოს. მაგალითად, ასანთი, ბატარეები, წებო, საპარსები და ა.შ. და ა.შ. გასაგებია, რომ მყიდველი არ ცდილობს შემოჩეჩებული, კაპიკის ღირებულების საქონლის გამყიდველისთვის დაბრუნებას და არც პასუხის მოთხოვნით შეიწუხებს თავს. სამაგიეროდ ბაზრის ფსიქოლოგიის ფაქტორს შესანიშნავად იყენებენ ისინი, ვისთვისაც ეს ხელსაყრელია, რადგან ასეთი უკონტროლობა და ხელშეწყობა საკმაოდ დიდი მოგების მომტანია.

მთავარი შეკითხვა ასეთია: შეიძლება თუ არა ქვეყანაში, რომელსაც თავი მოაქვს რეგიონში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ლიდერობით, არსებობდეს გარკვეული ფენებისთვის მომგებიანი უკონტროლობა? რომელიც “სოციალისტური ტექნოლოგიით”, მაგრამ ამჯერად კაპიტალისტური შესრულებით, შუბლის ძარღვის აუტოკებლად რომ ატყუებს მყიდველს წონაში, ფასში, მიასაღებს უხარისხო საქონელს და ასე შემდეგ... ექსპერტთა შეფასებით, ასეთი უნამუსო დამოკიდებულების შედეგად გაჭირვებული ადამიანები ისედაც ღატაკური პენსიის, მსოფლიო კრიზისების შედეგად დარჩენილი კაპიკების 20 პროცენტს დამატებით კარგავენ.

 

მაჟორული ტონალობით

აშკარად არაგულწრფელ საუბრებს ამ თემაზე ააშკარავებს საქართველოს ეკონომიკის რეალური მონაცემები. მიუხედავად იმისა, რომ კორუფცია ჩვენთან კედელთანაა მიყენებული და სულს ღაფავს, ეკონომიკა, სპეციალისტების მტკიცებით, თავისი განმსაზღვრელი ნაწილით ჩრდილშია მოქცეული. შემთხვევითი არ არის, რომ ამ ზაფხულს გამოქვეყნებული ჩრდილოვანი ეკონომიკის გამოკვლევის მონაცემებით, რომელიც მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა 1999-2007 წლების პერიოდში მსოფლიოს 162 ქვეყანაში ჩაატარეს და წარმოგვიდგინეს, საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკა 6,3 პროცენტით გაიზარდა. ამ და ავსტრიულ კომპანია Eurobserver-ის მონაცემების გათვალისწინებით, ექსპერტები ასკვნიან, რომ ჩრდილოვანი სექტორი საქართველოს საერთო მოცულობის 68 პროცენტს შეადგენს. რასაც ჩვენი ოფიციოზი, რა თქმა უნდა, არ ეთანხმება, იუხედავად ამ “სტატისტიკური საქონლის” უცხოური წარმოშობისა.

საქსტატის ცნობით, საერთო ეროვნული პროდუქტის რეალურმა ზრდამ 2010 წელს შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,6 პროცენტი შეადგინა და ნომინალურად 9,201 მილიარდ ლარს მიაღწია.

ლაპარაკობენ, რომ აქტიურდება საინვესტიციო ველი. ამერიკელი მილიარდერი დონალდ ტრამპი, რომელსაც განსაკუთრებულად უყვარს საქართველო, დიდ მშენებლობას იწყებს ბათუმსა და სხვა რეგიონეში. მისი ნიუიორკული შეხვედრების შესახებ საგაზეთო პუბლიკაციებით თუ ვიმსჯელებთ, ტრამპს სააკაშვილის მხარდაჭერის დიდი იმედი აქვს. რა ხდება? თუ იგი ფულის დასაბანდებლად ჩამოდის თუ ამოსაქაჩად?

უნებურად მახსენდება ასლან აბაშიძის დროინდელი “თხილის ლაშქრობა”, რომელიც წამოიწყეს აშშ-ის მაშინდელი პირველი ქალბატონის, ამჟამად კი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ძმებმა როდჰემებმა. მაშინ ამ საქმისთვის ისეთი დონის პრივილეგიებს ამზადებდნენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან ცოლის მეშვეობით დაახლოების მცდელობას ჰგავდა. თუმცა აქედან ვერაფერი გამოდნა. მაშინ არ გამოვიდა. მაგრამ კიდევ ერთხელ რომ სცადონ, რით იქნება ცუდი? ბოლოს და ბოლოს, სახელმწიფო მდივნის ნათესავები “ქუჩაში არ ჰყრია”.

ტრამპთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელი არ არის. როგორც ჩანს, ეს არ არის დიდი პოლიტიკა ან, ვთქვათ, მეთიუ ბრაიზას დონემდე მიახლოების საძრომი, რომელიც ვერა და ვერ გახდა ამერიკის ელჩი აზერბაიჯანში სომხეთის ლობისტის, ბარბარა ბოკსერის ხრიკების გამო. ამ ქალბატონმა დაბლოკა მეთიუ ბრაიზას ელჩად დანიშვნა (უახლესი ცნობაა). მაგრამ ქართველების სახალხო კეთილდღეობის გარდა ხომ უნდა ჰქონდეს სხვა აზრი “ტრამპის საქმეს”?

შევჩერდეთ ფინანსების კლანური ინტერესების დაახლოების ვერსიაზე. ვისი ინტერესებისა, ნუ დავაზუსტებთ, რადგან მსოფლიო მასშტაბებზე ნაკლებ, მეჩხერ წყალში არ ვცურავთ. მოგვართვით ტრამპები, მორგანები აბრამოვიჩებთან ერთად და საუზმეზე _ როტშილდები.

ეს ყველაფერი კარგად ეწერება კორუფციის წინააღმდეგ გაჩაღებულ ბრძოლაში, გოგირდმჟავასავით რომ ამოჭამს პრეზიდენტის დიდ ტყუილს, რომელიც მსოფლიო საზოგადოებას საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული გარდაქმნების ვიტრინად წარუდგენს.