პოლიტიკა
ჯონ ბასი: „ჩვენ რომელიმე კონკრეტულ კანდიდატს ან პარტიას არ ვემხრობით“

bas6თბილისი, 12 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოს მიერ გარკვეული პროგრესის მიღწევაზე საუბრობს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ კანონის წინაშე თანასწორობის გაძლიერება, პრესის თავისუფლება და სხვა სფეროები კვლავ საჭიროებს პროგრესს.

„წელს საქართველოს რამდენიმე მნიშვნელოვანი მიღწევა ჰქონდა ადამიანის უფლებების სფეროში პროგრესის კუთხით – ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება, ქალებზე ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება და იმ კანონმდებლობის მიღება, რომელიც მოსახლეობის უმცირესობის რელიგიური აღმსარებლობების სამართლებრივ სტატუსს გააუმჯობესებს. ზოგიერთი ეს ნაბიჯი უფრო ადვილი ან ნაკლებად სადავო იყო, ვიდრე სხვები, თუმცა ყველა მათგანი მნიშვნელოვანი და საჭირო გახლდათ.

არის სხვა სფეროები, რომლებშიც მეტი პროგრესი მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში უნივერსალური უფლებების დასაცავად, მათ შორის კანონის წინაშე თანასწორობის გაძლიერება, ძირითადი შრომითი უფლებები, შეკრებისა და პრესის თავისუფლება და ოჯახური ძალადობის შემცირება“, – აცხადებს ბასი.

მისივე თქმით, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისას საქართველოს მოქალაქეებს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ექნებათ, უფრო დემოკრატიული და პლურალისტური ქვეყნის მშენებლობაში ჩაერთონ.

„ჩვენ რომელიმე კონკრეტულ კანდიდატს ან პარტიას არ ვემხრობით მომავალ საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოში. ჩვენ მხარს ვუჭერთ და განვაგრძობთ მუშაობას ამ ქვეყნის ხალხთან ამ თავისუფლებების მისაღწევად“, – აღნიშნა ელჩმა.