პოლიტიკა
ორი ქვეყნის პრემიერები ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის თაობაზე

JD-na-karseთბილისი, 21 დეკემბერი, საქინფორმი. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა 2012 წლის ბოლოს ან 2013 წლის დასაწყისში დასრულდება.

ამის შესახებ განცხადება საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი მთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთეს.

როგორც აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა არტურ რასიზადემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე კომისიის სხდომაზე იმსჯელეს. ამ პროექტის ფინანსური საკითხი ამ დროისთვის უკვე მოგვარებულია, პროექტის განხორციელება კი ბოლო ეტაპზეა.

როგორც რასიზადემ განაცხადა, პროექტი  2012 წლის ბოლოს ან 2013 წლის დასაწყისში რეალიზდება. ნიკა გილაურის განმარტებით კი, პროექტი დასრულების ეტაპზეა – მაქსიმუმ, 2013 წლის დასაწყისში ან, მინიმუმ, 2012 წლის ბოლოს ივარაუდება.

კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ერთლობლივ ბრიფინგზე საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა ორ ქვეყანს შორის განხორციებულ და განსახორციელებელ სხვა პროექტებზეც გაამახვილეს ყურადღება.

როგორც აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა არტურ რასიზადემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ სამომავლოდ განხორციელდეს „AGRI“-ს პროექტი, თუმცა პრემიერმა პროექტის დაწყების თარიღის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა და განმარტა, რომ აღნიშნული ბევრი საკითხის გადაწყვეტაზეა დამოკიდებული, მათ შორის, პროექტის ეკონომიკური დასაბუთების ფინანსური და ტექნიკური მხარების შეთანხმებასა და დაანგარიშებაზე.

„რთულია, თარიღი დავასახელო, რაც დამოკიდებულია ფინანსური და სტრუქტურული საკითხების გადაწყვეტაზე. ასეთი დიდი პროექტები განსახორციელებლად წინასწარ დიდი სამუშაობის ჩატარებას საჭიროებს“, – განაცხადა რასიზადემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის განმარტებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს ექსკლუზიური ურთიერთობა აქვს. ეს ორი ქვეყანა ერთობლივად ქმნის რეგიონულ ცენტრს, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებს.

„ჩვენ ისტორიულად მრავალი მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ. მათ შორის, ბაქო-ჯეიჰანის პროექტი და სამომავლოდ დაგეგმილია სხვა ახლო პროექტების განხორციელება. მათ შორის, შავი ზღვის გავლით აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირება ევროპისკენ – „AGRI“-ს პროექტი“, – განაცხადა გილაურმა.

„ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქმეებს, რომლებიც ერთდროულად განვავითარეთ, მაგრამ ცხოვრება მოითხოვს, რომ მომავალზეც ვიფიქროთ. ჩვენს შეხვედრაზე სამომავლო პერსპექტივებზეც ვისაუბრეთ და ვიტყოდი, რომ ჩვენი ურთიერთობა სამაგალითოა სხვებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა რასიზადემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივ მთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის სხდომას გუშინ თბილისი მასპინძლობდა. კომისიის სხდომამდე სახელმწიფო კანცელარიაში ორი ქვეყნის პრემიერების შეხვედრაც გაიმართა, ხოლო სხდომის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი  შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს.