თბილისი, 28 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურორს მსჯავრდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ №18 სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე წინასწარი გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2011 წლის 1 დეკემბერს მსჯავრდებული გადაყვანილ იქნა №18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც გადაყვანის დღიდან სისტემატურად აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდნენ დაწესებულების სარეჟიმო სამსახურის უფროსი ალექსანდრე თოლორდავა, დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გიორგი ავსაჯანიშვილი და სხვა თანამშრომლები. გარდა ამისა, პატიმარს სასჯელის დამატებით ემუქრებოდა სოციალური სამსახურის უფროსი ზურაბ ბულბულაშვილი.
ოქროპირიძის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტები დეტალურად არის აღწერილი მის ახსნა-განმარტებებში, რომლებიც სახალხო დამცველმა მთავარ პროკურატურაში უკვე გადააგზავნა.