რელიგია
ილია მეორე: „ნუ შეუშინდებით განსაცდელს!“

patriarq_iliaთბილისი, 3 იანვარი, საქინფორმი. აღნიშნული მოწოდება მრევლის მიმართ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საახალწლო ტელემილოცვისას გააჟღერა.

 

„ახალი წელი მუდამ არის საიდუმლოებით მოცული. არ ვიცით, რა მოგველის ახალ წელს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვევედრებით უფალს, რომ მოგვცეს ბედნიერება, მშვიდობა და სიხარული. როგორ უნდა მივიდეთ ამ ბედნიერებამდე, ჩვენ ხშირად არ ვიცით. უპირველეს ყოვლისა, ვისაც უნდა, რომ ბედნიერი იყოს, პატივი უნდა სცეს მშობლებს და უფროსებს, თესოს სიკეთე, ეს სიკეთე კი ათმაგად და ასმაგად დაუბრუნდება თავად ადამიანს. უფალი ბრძანებს: ითხოვდეთ და მოგეცეთ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკდეთ და განგეღოთ. ვთხოვოთ უფალს მშვიდობა და ბედნიერება. ბედნიერებისთვის არის დაბადებული ადამიანი. ღმერთი მოწყალეა, ნუ შეუშინდებით იმ განსაცდელს, რომელიც შეგხვდებათ. ეს განსაცდელი წავა და ბედნიერება და მშვიდობა მოვა!“ – ბრძანა პატრიარქმა.