რელიგია
კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი

patriarqi8თბილისი, 3 იანვარი, საქინფორმი. ხვალ ფონდ „იავნანასა“ და „TBC ბანკის“ ორგანიზებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია მეორეს დაბადების დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.

გრიბოედოვის სახელობის თეატრში ქართული საოპერო ხელოვნების ისტორიაში პირველად საკონცერტო შესრულებით იქნება წარმოდგენილი ჯუზეპე ვერდის ოპერა „ბედის ძალა“.

მთავარ პარტიებს შეასრულებენ მსოფლიო საოპერო სცენის ქართველი ვარსკვლავები: პაატა ბურჭულაძე, ბადრი მაისურაძე, თეა დემურიშვილი, ნანა ქავთარაშვილი, მიშა ბახტაძე. საღამოში მონაწილეობისთვის პაატა ბურჭულაძის მოწვევით საქართველოში ჩამოვიდა მსოფლიოში აღიარებული იტალიელი ბარიტონი ალბერტო რინალდი.

მომღერლებს თანხლებას გაუწევს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი და გუნდი ჯანლუკა მარჩიანოს დირიჟორობით.

საღამოს დასასრულ კონცერტიდან შემოსული თანხით შეძენილი ბინის გასაღები დიასამიძეების 8-შვილიან ოჯახს გადაეცემა.