თბილისი, 5 იანვარი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, 2012 წლის 1 იანვარს სამართალდამცველებმა ნუცუბიძის №93-ში მდებარე ტელეკომპანია „მაესტროს“ შენობიდან ავტომანქანის მეშვეობით სხვადასხვა ნივთის გატანის ფაქტი შენიშნეს. შსს-ის ინფორმაციით, იმ მოტივით, შეიცავდა თუ არა აღნიშნული ქმედება დანაშაულის ნიშნებს, მათ ავტომანქანის გაჩერება და შემოწმება სცადეს, თუმცა ავტომანქანის მძღოლი სამართალდამცველების მოთხოვნას არ დაემორჩილა და გაქცევის მიზნით პოლიციის მანქანას დაეჯახა.
ბრალდებულების – ვალერი გიკაშვილისა და მიხეილ ზედგენიძის – ადვოკატ დავით კვაჭანტირაძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები „მაესტროს“ კუთვნილი ტექნიკის მითვისებისა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით არიან დაკავებული. ისინი გლდანის საპყრობილეში გადაიყვანეს, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლომ 50-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამზადებელი სასამართლო პროცესი კი მიმდინარე წლის 28 თებერვლისთვისაა ჩანიშნული.