პუბლიკაციები
საქართველო-2012: ომი თუ მშვიდობა? სააკაშვილი თუ ივანიშვილი?

saqarTvelo-2012-kirvaliZeგლობალიზაციის ეპოქაში, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე,   ქვეყნის სუვერენიტეტის, უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საჭიროა კომპრომისული და დაბალანსებული პოლიტიკური კურსის გატარება, რომელიც მხარდაჭერილი იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ! ჩვენი დიდი წინაპრები ყოველთვის გამოირჩეოდნენ სიმამაცით, სიმტკიცით, მაგრამ არასოდეს კარგავდნენ სიფრთხილისა და შორსჭვრეტის უნარს! საქართველო მდებარეობს აზია-ევროპის საზღვარზე, ქრისტიანული და ისლამური ცივილიზაციების გზაგასაყარზე, ბირთვული ზესახელმწიფოს – რუსეთის მეზობლად, რომელთანაც სახელმწიფო საზღვარი რამდენიმე ასეული კილომეტრია. სარწმუნოებრივი განსხვავების მიუხედავად, ჩვენი გმირი წინაპრების დამსახურების წყალობით, მუსლიმები (არაბები, სპარსელები, ავღანელები და სხვ.) პატივს გვცემენ, მათთვის „გურჯი“ კეთილშობილებისა და ვაჟკაცობის სინონიმია! მიზანშეუწონლად მიმაჩნია ქართველი სამხედროების გაგზავნა ისლამურ ქვეყნებში, გვეყო მამლუქობა! ჩვენ ხომ ვერ ვპატიობთ ჩრდილოკავკასიელებს აფხაზეთში შემოჭრას? მაშ, რატომ ჩავდივართ იმავეს სხვების მიმართ?!

ქართველებს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ისლამური სამყარო ძალიან ახლოსაა, ყურისძირში!

რუსეთსა და რუს ხალხთან 200-წლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს. ურთიერთობა ჩვენ შორის კატასტროფულად გაფუჭდა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტრაგედიების შემდეგ, როცა რუსეთმა მკვეთრად უარყოფითი როლი ითამაშა და სეპარატისტებს დაუჭირა მხარი, შემდეგ კი მათი „დამოუკიდებლობა აღიარა“! რუსეთის საკითხი აქილევსის ქუსლია ქართული პოლიტიკისთვის. აუცილებლად უნდა მოვახერხოთ ამ რუსულ-ქართული ჩიხიდან გამოსვლა ურთიერთკომპრომისების საფუძველზე! ვინც კი ცდილობს ამერიკულ-რუსულ დაპირისპირებაზე პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას, მას ქართულ პოლიტიკაში მომავალი არ აქვს. სირაქლემას პოზას მაგონებს ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადება იმის შესახებ, რომ ქართველები უნდა შევეგუოთ რუსეთს როგორც ცივსა და ავ მეზობელს. ეს იმას ნიშნავს, რომ ვერ გავამთლიანებთ ქვეყანას და ვერ უზრუნველვყოფთ მის უსაფრთხოებას! ის ძალები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველო და რუსეთი ისტორიულ მტრებად მოეკიდონ ერთმანეთს, საბედისწერო თამაშს თამაშობენ! ზოგიერთ „გამჭრიახ“ პოლიტიკოსსა თუ პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ რუსეთი მალე დაიშლება და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხიც ჩვენ სასარგებლოდ გადაწყდება. დაუშვათ, ასეც მოხდა. მოგეხსენებათ, რომ ჩრდილოკავკასიელები ისლამს აღიარებენ და თურქეთზე არიან ორიენტირებულნი. თუ რუსები მთლიანად გავლენ კავკასიიდან, ვის მხარეს დაიჭერს ნატოს წევრი თურქეთი – მუსლიმი ძმების, თუ მართლმადიდებელი ქართველების? ევროპელები, ნატოს წევრი მართლმადიდებელი საბერძნეთის ინტერესებს უგულებელყოფენ და საქართველოსას გაითვალისწინებენ? კვიპროსშიც, ისევე, როგორც კოსოვოში, მართლმადიდებელი ბერძნებისა და სერბების ეროვნული ინტერესები ილახება! როგორ გგონიათ, კათოლიკურ-პროტესტანტული ევროპა თავისი უსაფრთხოების საზიანოდ მართლმადიდებელი საქართველოს ინტერესებს დააყენებს წინ, თუ ევროპის მძლავრი მოკავშირე თურქეთის?!

ისრაელ-ირანის ომის შემთხვევაში, ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ვინმეს მიხმარება, ჩვენი საქმე არ არის, შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს!

დიდი ალბათობაა, რომ რუსეთმა მოინდომოს და პირდაპირ გადაჭრას ჩვენი ტერიტორია მისი სტრატეგიული მოკავშირის – სომხეთის, დასაცავად, რომელიც ირანის მეზობელია. აქვე შეიძლება გაჩნდეს საფრთხე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის განახლებისა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ! რაც შეეხება ამერიკელებს, ისინი „იმაზე მეტს ვერ გააკეთებენ, რაც გააკეთეს“ – 2008 წლის აგვისტოში – და თავს ნუ მოვიტყუებთ! ირანი კი, თუ დაინახა, რომ „იღუპება“, თავის ბალისტიკურ რაკეტებს (საშუალო რადიუსის,1000-1500 კმ-მდე), რომლებსაც ქართველებისთვის ტრაგიკული სახელი ქვია – „შაჰაბ 3“ და „შაჰაბ 4“ – ყველა მიმართულებით გაისვრის, სადაც ამერიკული სარაკეტო დანადგარები და ავიაცია ან, თუნდაც, ლოგისტიკური სამსახურები იქნება განლაგებული!

ასე რომ, – „ჭკუით, ქართველებო!“ ყველა ამ საომარი მოქმედებების მიმართ საქართველომ ნეიტრალური პოზიცია უნდა დაიკავოს!

სააკაშვილი ყველა აეროდრომს დაუთმობს ამერიკელებს და სამიზნე გავხდებით, თანაც, იმ პირობებში, როცა თავდაცვითი რაკეტსაწინააღმდეგო შეიარაღება არ გვაქვს! გინდაც, გვქონდეს, ვინ მოგვცემს გარანტიას, რომ ერთი „შაჰაბი“ თბილისს არ დაეცემა, მეორე კი – ქუთაისს?!

სარკოზიმ თბილისში ახსენა დე გოლი და ადენაუერი (რუსეთთან დიალოგის აუცილებლობა). მართალია, რომ „არც მიშა და არც პუტინი არ არიან არც ერთი და არც მეორე“, მაგრამ მან გასაგებად გვითხრა (ჩათვალეთ, რომ ევროპამ!) – თუ გააგრძელებთ „ერთი ადგილის თამაშს“ რუსეთთან, – ჩვენი „იმედი არ გქონდეთო!“

მოდი და ნუ დაუჯერებ! დავრჩებით „ჩრდილოეთის და სამხრეთის ხახაში!“

ხომ გაგიგონიათ – „ცხენის წინ მორბენალ კვიცს ან მგელი შეჭამს, ან მგლისფერი ძაღლიო!“ ჩვენ 20 წელია, ვერ შევიმუშავეთ ისეთი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სტრატეგია, რომელიც შეესაბამება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს! ამის გამო ყველა „ქვა და კენჭი მოგვხვდა თავში“!

ჯერ იყო და, ცნობილმა დისიდენტმა, რომელმაც „სსრკ დაშალა“, სამოქალაქო ომი ვერ ააცილა ქვეყანას! მერე იყო და, „დიდმა პოლიტიკოსმა“, რომელმაც, ასევე, სსრკ დაშალა, გადაწყვიტა, რომ დასავლეთი „ძველ ზასლუგებს“ არ დამიკარგავსო და „ორშაბათის რადიოინტერვიუებით“ მართავდა ქვეყანას! ბოლოს ეს „მზეჭაბუკი ვარდით ხელში“ მოვიდა და განაცხადა – მარატი და ჩე გევარა ვინ არიან, მე ვარო „უპირველესი რევოლუციონერი“! ყოველივე ამის შემდეგ რაიმე პოზიტიური გინდათ, დაინახოთ?! „არც იოცნებოთ!“

თუმცა – არა, „ქართული ოცნების“ დრო დგება! მანამდე კი ფრთხილად ვიყოთ, ვინაიდან შინ ჯერ კიდევ „მფრინავი მიშა“ გვმართავს, ხოლო, ჩრდილოეთით და სამხრეთით (რუსეთი, ირანი) – პოტენციური „ღილაკის დამჭერნი“ გვიყურებენ, როგორ მოვიქცევით!                                                                                                                                       დღეს, როცა ბიძინა ივანიშვილის სახით სააკაშვილს გამოუჩნდა დიდი საფრთხე, ამერიკული სარაკეტო სისტემების საქართველოში განთავსება მიშასთვის იქნება ყველაზე დიდი ბედნიერება, რადგან ეს იქნება მისთვის გადარჩენისა და „ნაციონალებისთვის“ ხელისუფლების შენარჩუნების შანსი!

თურქეთში ნატოს რადარების დამონტაჟების გადაწყვეტილებამ რუსეთისა და ირანის ხელისუფლებების უკმაყოფილება გამოიწვია. ამიტომ ვამბობ, რომ მოვლენების ასეთი განვითარება გამოიწვევს ჩვენი ქვეყნის საბოლოო გაყოფას, მის ქცევას რუსეთისა (აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი) და ამერიკის (დანარჩენი საქართველო) სამხედრო ბაზებად! იმედია, ყველაფერი ჩადგება ნორმაში, როცა მიშას გავუშვებთ, მაგრამ, მანამდე „არ მოასწროს“ მაკეინისა და სხვა „ქორების“ დახმარებით რაიმეს გაფუჭება!..

არ ვიცი, სხვებს როგორ, მაგრამ მე ვშიშობ (რასაც ვადევნებ თვალს და „რაც არ ჩანს!“), რომ ამერიკელი მეგობრების ზეწოლით პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციაზე სააკაშვილს „კიდევ ერთხელ გაუპრავებენ“ გაყალბებულ არჩევნებს, იმიტომ, რომ მის „მსგავსს“ – რომელიც მთლიანად აკმაყოფილებს მათ ინტერესებს – საქართველოში ვერ ნახავენ!.. ღმერთმა არ ქნას! რაც შეეხება ქართველ ერს და ბიძინა ივანიშვილს, მათ ამერიკელებთან სამართლიანობის დაცვა და მეგობრობა სურთ! არჩევანი ვაშინგტონზეა!..

აქედან გამომდინარე, 2012 წელს დიდი საარჩევნო ბრძოლა მოგვიწევს ქართველებს. მთავარია, ნაადრევად გამარჯვების ეიფორიაში ნუ ჩავცვივდებით!

 

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე

საქინფორმი