სამართალი
თბილისი, 17 იანვარი, საქინფორმი. შსს-ის თანამშრომლებმა საჩხერელებს ძველით ახალი წელი უჩვეულოდ მიულოცეს – 14 იანვარს, მათი წყალობით, ათამდე ახალგაზრდა ნაცემი შეხვდა.
შემთხვევის ადგილზე მყოფი ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც სცენაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ავიდნენ და „საკუთარ მიღწევებზე“, კერძოდ კი, რაიონის განვითარებაში შეტანილ წვლილზე საუბარი დაიწყეს. ეს ფაქტი კონცერტზე მყოფი ახალგაზრდების ნაწილმა არცთუ ხმამაღალ ტონზე სკანდირებით – „გაუმარჯოს ბიძინას!“ – გააპროტესტა, რის შემდეგაც ამ ახალგაზრდებს სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევის გამო რამდენიმე დაშავებულმა ადგილობრივ საავადმყოფოსაც მიმართა.
სამართალდამცველების მიერ საჩხერელი ახალგაზრდების ცემის ფაქტი საქინფორმს ივანიშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნონა ყანდიაშვილმა დაუდასტურა.