რელიგია
დღეს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება

natlisgeba19.01თბილისი, 19 იანვარი, საქინფორმი. ნათლისღება 7 საღვთო საიდუმლოთაგან ერთ-ერთია. ძველი აღთქმის თანახმად, ებრაელები წყლით განწმენდის გარკვეულ წესს ასრულებდნენ, იოანე ნათლისმცემელი კი ხალხს სინანულის ნათლისღებისკენ მოუწოდებდა. მასთან მისული ხალხი ცოდვებს აღიარებდა და წყლით იწმინდებოდა, მაგრამ ამ ნათლობას ცოდვათა მიტევების ძალა არ ჰქონდა. ის თავისი მადლითა და შინაარსით იუდეურ და ქრისტიანულ ნათლობებს შორის იდგა. ნათლისღება, როგორც ერთ-ერთი საიდუმლო, ქრისტეს მიერ დაწესდა. ნათლობისას ადამიანი წყალში სამჯერ შესვლით და მამის, ძისა და სულიწმიდის მოწოდებით ცოდვებისგან განიწმინდება და სულიერი ცხოვრებისთვის მეორედ იშვება.

ნათლისღების დღესასწაული ლიტურგიკულ კრებულებში მოხსენიებულია როგორც „გაცხადება უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი“, ვინაიდან ამ დღეს ქრისტე ღმერთი, როგორც წმიდა სამების ერთ-ერთი პირი, გაცხადდა.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე წმიდა სინოდის წევრებსა და სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო ლიტურგიას ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. წირვის დასრულებამდე სამების ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევის რიტუალი შესრულდება. უწმიდესი წყალს აკურთხებს და ტაძარში მლოცველებს ასხურებს. მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლებათ.

დღესვე 21-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. პატრიარქი 500-ზე მეტ ჩვილს მონათლავს.

საქინფორმი გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს!