პოლიტიკა
„PACE“-ს მომხსენებლები საქართველოს საარჩევნო სისტემის შესახებ

pase23თბილისი, 30 იანვარი, საქინფორმი. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ორმა თანამომხსენებელმა „PACE“-ს მონიტორინგის კომიტეტისთვის წარდგენილ ანგარიშში აღნიშნა, რომ საქართველოს ახალი საარჩევნო სისტემა სრულად არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, ვინაიდან ვერ მოხერხდა ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებს შორის არსებული უთანაბრობის აღმოფხვრა, რაც თითოეული ხმის თანაწონადობის პრინციპის დარღვევას იწვევს.

ანგარიში, რომელიც თანამომხსენებლების საქართველოში ოქტომბერში ვიზიტის საფუძველზე მომზადდა, 26 იანვარს გამოქვეყნდა და იგი მართლმსაჯულების აღსრულებისა და არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას.

კასტრიოტ ისლამი და მაიკლ იენსენი, თანამომხსენებლები საქართველოს საკითხებზე, ანგარიშში მიესალმებიან საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ახალი საარჩევნო კოდექსის მიღების თაობაზე, ასევე, ახალ კოდექსში ვენეციის კომისიის მიერ წარმოდგენილი ზოგიერთი რეკომენდაციის გათვალისწინებას.

თუმცა ანგარიში, ასევე, აღნიშნავს: „სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა კონსენსუსის მიღწევა ახალი საარჩევნო კოდექსის თაობაზე, განსაკუთრებით კი, საარჩევნო სისტემის თაობაზე, რომლის საფუძველზეც ახალი პარლამენტი უნდა იქნეს არჩეული“.

ვენეციის კომისია უკვე დიდი ხანია, ურჩევს საქართველოს, უზრუნველყოს ხმების  თანასწორობა დაახლოებით თანაბარი ზომის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების შექმნის გზით. კომისიის თქმით, სხვაობა ოლქებს შორის (რაც ყველაზე მცირე ოლქში,  დაახლოებით, 6000 ამომრჩევლიდან ყველაზე მსხვილ ოლქში 150 000-ზე მეტ ამომრჩეველს შორის მერყეობს) ძირს უთხრის ხმის მიცემის თანასწორუფლებიანობის პრინციპს.

ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელიც იანვარში შევიდა ძალაში, ამ სისტემას მთლიანობაში უცვლელად ტოვებს. მომავალ პარლამენტში 73 მანდატს 73 ერთმანდატიან ოლქში არჩეული მაჟორიტარი დეპუტატები მიიღებენ, ხოლო დანარჩენი 77 მანდატი პროპორციულად პარტიული სიით გადანაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

მოხსენების თანამხმად, მმართველი პარტიის წინადადებებზე დაყრდნობით მიღებული საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს იმ ნაკლოვანების აღმოფხვრას, რომელიც მაჟორიტარულ ოლქებს შორის არსებულ უთანაბრობას ეხება.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი საარჩევნო სისტემა სრულად არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ხელისუფლების არგუმენტი, რომ ამჟამად არსებული რაიონული [საარჩევნო ოლქების] საზღვრები საჭიროა იმისათვის, რომ რეგიონული უმცირესობები წარმოდგენილი იყვნენ პარლამენტში, ჩვენი აზრით, სუსტია. ბევრად უკეთესი ევროპული დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი მექანიზმები არსებობს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს პარლამენტში უმცირესობების წარმომადგენლობა. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ მიაქციოს ამ საკითხს ყურადღება“, – ნათქვამია ანგარიშში.

„ჩვენი აზრით, სხვა საარჩევნო სისტემები, როგორიცაა რეგიონულ-პროპორციული სისტემა, რომლის რეკომენდაციაც ასამბლეამ რამდენჯერმე გააკეთა, უფრო კონკურენტიან საარჩევნო გარემოს შექმნიდა არსებულ ვითარებაში“, – ნათქვამია თანამომხსენებლების ანგარიშში.

დოკუმენტში, ასევე, ნათქვამია, რომ ერთმანდატიანი ოლქების არათანაბარი ზომის საკითხს თუ არ ჩავთვლით, სხვა მხრივ არსებული საარჩევნო სისტემა „შესაფერისია დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად“.

მართლმსაჯულების აღსრულებასთან დაკავშირებით ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ სასამართლო სისტემის რეფორმირებაში მიღწეული პროგრესი უდავოა, თუმცა ხარვეზები მაინც რჩება“.

„გავრცელებული ცნობებით, მართლმსაჯულებაში არსებული პრობლემები, ძირითადად, შეინიშნება სისხლის და ადმინისტრაციულ სამართლის იმ საქმეებში, სადაც სახელმწიფოს შეიძლება თავად ჰქონდეს პირადი ინტერესი. სამოქალაქო სამართლის განხორციელებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე შეტყობინებები არ ყოფილა“, – ნათქვამია ანგარიშში, რომელიც, ასევე, დასძენს, რომ ხელისუფლება გულგრილი ჩანს იმ საქმეების  გამოძიების მიმართ, რომლებიც სამართალდამცავებისა და სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილ დარღვევებს ეხება“.

ხაზს უსვამს რა „პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეების დამაჯერებლად და ეფექტიანად გამოძიებასთან“ დაკავშირებულ პრობლემებს, ანგარიშში მაგალითად მოყვანილია  სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ამ საქმეზე გამოტანილი განაჩენი.

თანამომხსენებლები აღნიშნავენ, რომ მათთან შეხვედრების დროს ხელისუფლების წარმომადგენლები ხაზს უსვამდნენ გირგვლიანის საქმის „მგრძნობიარობას“, მათ შორის, იმიტომაც, რომ მისი „პოლიტიზება“ ოპოზიციამ მოახდინა.

„ამჟამად ხელისუფლება [სტრასბურგის] სასამართლოს განაჩენის განხორციელების საკითხს ევროპის საბჭოს შესაბამის დეპარტამენტებთან განიხილავს. ხელისუფლებამ, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ ისინი სრულად ითანამშრომლებენ ევროპის საბჭოსთან და ნებისმიერ მათ მიერ მიცემულ მითითებას შეასრულებენ“, – ნათქვამია ანგარიშში.

თანამომხსენებლების მოხსენებაში, ასევე, აღნიშნულია ხელისუფლების წარმომადგენლებთან ხაზგასმა, რომ შეცდომა ნებისმიერმა მთავრობამ შეიძლება დაუშვას, მაგრამ „სურვილი, რომ დამაჯერებლად იქნეს გამოძიებული და მოგვარდეს ნებისმიერი სავარაუდო შეცდომა და ხარვეზი, ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციის ხარისხის მაჩვენებელია“.

„ჩვენი აზრით, არსებული ხარვეზების მოგვარება თავად საქართველოს ხელისუფლების ინტერესებშია: მათ ძალიან გრძელი გზა გაიარეს სასამართლო სისტემის რეფორმასთან მიმართებაში და რეგიონში და მის ფარგლებს მიღმა, ბევრი თვალსაზრისით, სამაგალითონი არიან. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემების გამოსწორებისადმი გულგრილობა საფრთხის ქვეშ დააყენებს საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ სფეროში გატარებული მნიშველოვანი რეფორმების წარმატებას“, – ნათქვამია ანგარიშში.