პოლიტიკა
სააკაშვილი: „შესაძლოა, ქართული პოლიტიკისთვის მოვხუცდი, მაგრამ უფრო ახალგაზრდები მოდიან“

misha-msof-bankთბილისი, 2 თებერვალი, საქინფორმი. მსოფლიო ბანკში ასად ალამის წიგნის – „ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ საჯარო სამსახურში – საქართველოს რეფორმების ქრონიკა“ – პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა „ვარდების რევოლუციის“ პერიოდი კიდევ ერთხელ გაიხსენა და განაცხადა, რომ „რაც საქართველოში მოხდა, მნიშვნელოვანია არა მარტო მისი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“.

„როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ხაზინა ცარიელი იყო, არ ვიცოდით, საიდან უნდა დაგვეწყო, ახალგაზრდები ვიყავით. შეიძლება, ახლა ქართული პოლიტიკისთვის მოვხუცდი, როგორც ვხედავთ, უფრო ახალგაზრდები მოდიან, რაც კარგი ახალი ამბავია.  მაშინ შედარებით ახალგაზრდა ვიყავი. მახსოვს, ბილ კლინტონმა თქვა, ვინ არის ეს 35 წლის  პრეზიდენტი, როგორ გაუძღვება საქმესო? ის თან მამხნევებდა. შემდეგ იყო დასავლეთში ერთი ჟურნალისტი, რომელმაც ჩვენი გუნდი დაახასიათა როგორც „ოუშენის 11 მეგობარი“. ჩვენ ვიყავით გამბედავები, დიდ რისკზე წამსვლელები. ვიცოდით, რომ ამოცანის შესრულება თითქმის შეუძლებელი იყო. რა ხდება, როდესაც რევოლუციით მოდიხარ ხელისუფლებაში? ეს არის ტალღა, რომელიც შენზეა მოჯაჭვული და ზღვის ღელვას ჰგავს: ჯერ წინ მოდის და მერე უკან. ჯობს, მის ზედაპირზე დარჩე, თორემ შეიძლება, დამანგრეველი იყოს. ასე რომ, არ გვქონდა წიგნი, რომლითაც ვიხელმძღვანელებდით, ახლი კი გვაქვს და ის შეიძლება, სხვებმაც გამოიყენონ. ასადს წიგნის დაწერა ცოტა დააგვიანდა. კარგი იქნებოდა, ის 2004 წელს მქონოდა. ჩემი მიზანი იყო, დროის 20% ოფიციალურ პირებთან შეხვედრისთვის დამეთმო, დანარჩენ დროში კი ეკონომიკურ სისტემას გავცნობოდი. ამის ცოდნა მართლაც დამაინტრიგებელია. შეიძლება, შენს ქვეყანაში გადაიღო. მთავარია, იყო გამბედავი და რისკზე წახვიდე. ცხოვრება მოკლეა და რისკის გარეშე – მომაბეზრებელი, სწორი გადაწყვეტილების შედეგი კი ძალიან მაღალია“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მართალია, პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, ვინ იგულისხმა, როცა განაცხადა, რომ ქართულ პოლიტიკაში უფრო ახალგაზრდები მოდიან, თუმცა, ეს რომ ბიზნესმენი ივანიშვილი არ იყო, ცხადია, რადგან ის ასაკით სააკაშვილზე დიდია. შესაბამისად, ამ განცხადებით პრეზიდენტი კიდევ ერთხელ შეეცადა, დაერწმუნებინა საზოგადოება, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი ხელისუფლებაში ვერ მოვლენ. გამორიცხვის მეთოდით მსჯელობის შემთხვევაში კი, ალბათ, სააკაშვილმა აღნიშნულ სიტყვებში ხელისუფლების სატელიტ პარტიად წოდებული „ქრისტიან-დემოკრატები“ იგულისხმა, რომლის ლიდერებიც სწორედ რომ ახალგაზრდები არიან.