პოლიტიკა
სააკაშვილი: „საქართველოში მომხდარი ტრანსფორმაცია შეუქცევადია“

mshvidobis-instთბილისი, 3 თებერვალი, საქინფორმი. „არავის შეუძლია შეაბრუნოს ან რეპრესია მოახდინოს იმ ტრანსფორმაციისა, რომელიც საქართველოში მოხდა – არც ჩვენ და არც არავის“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, მოსაზრება, რომ ზოგი კულტურა და ზოგი რეგიონი კორუმპირებული და ალერგიულია გამჭვირვალობის მიმართ, საქართველოში დამტკიცდა, რომ აბსოლუტურად არასწორია.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში ინსტიტუციონალური რევოლუცია მენტალური რევოლუციის შედეგი იყო, რომელიც ქვეყანაში მოხდა.

„ბოლო რვა წლის ყველაზე მთავარი მიღწევა, ყველა წარმატების საიდუმლო არ იყო იმდენად მთავრობის ფუნქცია, რამდენადაც თვითონ ქართველი ხალხი. მხოლოდ მენტალურ რევოლუციას შეეძლო ჩვენი საზოგადოების დასავლური ტრანსფორმაცია. დღეს ქართველებს აზროვნება მთლიანად შეცვლილი აქვთ – თუ რას ფიქრობენ ისინი თავიანთ თავზე, თავიანთ პრეროგატივებზე, პასუხისმგებლობებზე, დამოკიდებულებაზე საზოგადოებასთან და მთავრობასთან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, რევოლუციის შემდეგ ხალხი სიძლიერეს და მოუთმენლობას განიცდის და სწრაფი შედეგები სურს.

„რაწამს ისინი იმედგაცრუებულები და ცინიკურები ხდებიან, შენ კარგავ ცვლილებების შესაძლებლობას. მათ, ვისაც ეგონა, რომ კორუფცია ჩვენი კულტურის ნაწილი იყო, სათანადოდ ვერ შეაფასეს ქართველი ერი. ვისაც ბუნებით კრიმინალები ვეგონეთ, ვერ შეაფასა ქართველი ერი, ვინც ფიქრობდა, რომ არჩევნებზე შეიძლებოდა ხალხის ყიდვა ყალბი დაპირებებითა და ილუზიით, არასათანადოდ აფასებდა და აფასებს ჩემს ხალხს. მას, ვისაც ჰგონია, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლის წინააღმდეგობით აღსავსე გზას ოქროს გალიის დაპირებულ კომფორტზე გავცვლით, ის სათანადოდ ვერ აფასებს ქართველ ერს. მთავარი, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, ისაა, რომ ბრძოლა არასდროს მთავრდება, ამიტომ რეფორმების გატარება არასდროს უნდა შეწყდეს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შესახებ ინფორმაცია ქართულმა ტელეკომპანიებმა გაავრცელეს.