პოლიტიკა
ევროკავშირის საგარეო უწყებების მეთაურებმა სამხრეთ კავკასიის თაობაზე დასკვნები მიიღეს

evrosoyuz1თბილისი, 28 თებერვალი, საქინფორმი. ბრიუსელში შეკრებილმა 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს დოკუმენტი სამხრეთ კავკასიის თაობაზე, რომელშიც გამოხატულია კიდევ ერთი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. მასში მკაფიოდაა დაფიქსირებული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ევროპისადმი. გარდა ამისა, ევროპა რუსეთს კიდევ ერთხელ ახსენებს აღებულ ვალდებულებებს და მოუწოდებს, საკუთარ თავზე აიღოს უკვე აღებული ვალდებულება სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ სამხედრო შეიარაღების ზრდა და ინფრასტრუქტურის განმტკიცება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებულ შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

დოკუმენტში ყურადღება საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზეც არის გამახვილებული. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოების პროცესსაც როგორც ვაჭრობის, ისე თავისუფალი გადაადგილების კუთხით.

27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და პროგრესს და მზად არიან, ურთიერთობის გაღრმავებისკენ შემდეგი ნაბიჯები გადადგან.

კონკრეტულად, დოკუმენტში საუბარია სავიზო რეჟიმის გამარტივებასა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დაწყებულ მოლაპარაკებებზე.

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ქეთრინ ეშტონმა „მოამბის“ კორესპონდენტის კითხვას უპასუხა და საქართველოსადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.