პოლიტიკა
სააკაშვილი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის დაწყებას მომავალი წლიდან ვარაუდობს

saakashvili-mikheil123თბილისი, 2 მარტი, საქინფორმი. „რეალისტურია, რომ საქართველოს მომავალ წელს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ექნება“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 1 მარტს, ორი დღის შემდეგ, რაც ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში კარელ დე გუხტი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად თბილისს სტუმრობდა.

„გუშინწინ დავიწყეთ მოლაპარაკებები თავისუფალ ვაჭრობაზე ევროკავშირთან და რეალისტურია, რომ მომავალ წელს დავამთავრებთ“, – განაცხადა სააკაშვილმა წეროვანში ახალი ფარმაცევტული საწარმო „აბიფარმის“ მონახულებისას.

„რეალისტურია, რომ საქართველოს ჰქონდეს ამომწურავი და ღრმა თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან მომავალ წელს“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, თურქეთმა ევროკავშირთან საბაჟო კავშირის წყალობით საკუთარი ეკონომიკის გაორმაგება მოახერხა და საქართველოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით, თავისუფალი ვაჭრობის თვალსაზრისით, ექნება თურქეთზე უფრო მეტი.

„და მეორე, ჩვენ გვექნება თავისუფალი ვაჭრობა ამერიკასთან“, – განაცხადა მან,  მხედველობაში ჰქონდა რა პრეზიდენტ ობამას განცხადება, რომელმაც აღნიშნა სააკაშვილთან იანვარში გამართული შეხვედრის შემდეგ, რომ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესაძლებლობა შესწავლილი იქნება.

სააკაშვილის თქმით, ევროკავშირსა და აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შედეგად საქართველო გახდება რეგიონის ეკონომიკური ცენტრი.

ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში კარელ დე გუხტი კვირის დასაწყისში მოლდოვას და საქართველოს ამ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე მოლაპარაკებების დაწყების მიზნით სტუმრობდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა 28 თებერვალს თბილისში ევროკომისართან შეხვედრის შემდეგ, რომ მომდევნო 18-24 თვის განმავლობაში მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართება.

კარელ დე გუხტმა ვერ დააკონკრეტა, როდის დასრულდება მოლაპარაკებები, თუმცა 27 თებერვალს რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამას არც ისე დიდი დრო დასჭირდება, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში იყო, რომელთანაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებმა 2008 წლის მაისიდან 2011 წლის ოქტომბრამდე გასტანა.