პუბლიკაციები
„სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს განცხადება

fosta-saxalxooooთბილისი, 16 მარტი, საქინფორმი. როგორც „სახალხო კრების“ პრესსამსახურმა საქინფორმს აცნობა, „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭო განცხადებას ავრცელებს, რომლის ტექსტსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„ვაცნობიერებთ რა, რომ ქვეყანაში ყოველდღიურად ძლიერდება ავტოკრატიული რეჟიმი, რაც შეუძლებელს ხდის რეალურად თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, „სახალხო კრება“ ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ხელისუფლება არ შეცვლის საარჩევნო გარემოს, ვინაიდან სწორედ თავისუფალი და დემოკრატიული საარჩევნო გარემოა უპირველესი საფრთხე ნებისმიერი ავტოკრატი და დიქტატორი მმართველისათვის. ამიტომ აუცილებელია, წარიმართოს სერიოზული პოლიტიკური ბრძოლა თავისუფალი საარჩევნო და დემოკრატიული გარემოს მოსაპოვებლად.

 

„სახალხო კრება“, როგორც ეროვნულ და დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული ზეპარტიული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის მიზანიც არის ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი სისტემური ცვლილებების მიღწევა  და თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების მოპოვება, მიმართავს ყველა ოპოზიციურ ძალას, პირველ რიგში, „ქართულ ოცნებას“, რომლის პოლიტიკურ არენაზე გამოჩენას დიდი იმედით შეხვდა ქართველი საზოგადოება, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რიგით მოქალაქეებს, გავერთიანდეთ ერთიანი ფრონტით ქვეყნის დამნაშავე ხელისუფლებისაგან გასათავისუფლებლად და ქვეყნის გადასარჩენად.

ამ მიზნით „სახალხო კრებაში“ წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები, საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან, პირველები წავიდნენ  დათმობაზე და ამ ეტაპზე უარი თქვან პირად ამბიციებზე, მათ შორის, საპარლამენტო და ნებისმიერ სხვა თანამდებობაზე. დღეს უმთავრესია ხელისუფლების ჩამოშორება საარჩევნო პულტიდან, ხოლო შემდეგ ქართველი ხალხი გადაწყვეტს, თუ რომელ პოლიტიკოსს და პოლიტიკურ ძალას აირჩევს და ჩააბარებს ქვეყნის მართვის სადავეებს.

„სახალხო კრება“ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ მსოფლიო პოლიტიკურ ისტორიაში არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომ ავტოკრატიულ და დამნაშავე რეჟიმს ნებაყოფლობით დაეთმოს ხელისუფლება დემოკრატიული ძალებისათვის. საქართველოშიც, დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, მშვიდობიანი გამარჯვების ერთადერთი ფორმულა ერთიანი, ძლიერი ოპოზიციური ფრონტის შექმნაა.

ერთიანი ოპოზიციური ფრონტის მთავარი მიზანი უნდა იყოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლების დამარცხება და კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება, რის შემდეგაც ექვსი თვის ვადაში, ვადამდელი არჩევნების დანიშვნამდე, გატარდება ყველა საჭირო საკანონმდებლო და პოლიტიკური ცვლილება  საარჩევნო გარემოს რეალური გაუმჯობესებისა და კონკურენტული გარემოს შექმნისათვის, ესენია:

1. პოლიციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დეპოლიტიზაცია და ჩამოშორება საარჩევნო პროცესისაგან;

2. სასამართლოს დამოუკიდებლობა;

3. ბიზნესის გათავისუფლება ხელისუფლების ზეწოლისაგან;

4. ცვლილებები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირებასა და საარჩევნო კანონმდებლობაში;

5. მოსახლეობის აღწერა და რეალური საარჩევნო სიების ჩამოყალიბება;

6. მედიის გათავისუფლება ზეწოლისა და ტერორისაგან;

7. პოლიტიკური და უკანონო პატიმრების უპირობო გათავისუფლება.

ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილებების გატარების შემდეგ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

„სახალხო კრება“ აცხადებს, რომ ჩვენ გამოვრიცხავთ რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან შეერთებას, მით უფრო, შერწყმას.

ჩვენი მიზანია, ყველანი გავერთიანდეთ რეჟიმთან საბრძოლველად!

„სახალხო კრება“ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ დღეს არ არის ოპოზიციურ ძალებს შორის დაპირისპირებისა და ხელოვნური ბარიერების შექმნის დრო. დღეს ყველა რეალურად ოპოზიციური ძალის მიზანი უნდა იყოს დამნაშავე რეჟიმთან ბრძოლა და არა ბრძოლა პოლიტიკურ კონკურენტებთან.

„სახალხო კრება“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ერთიანი ოპოზიციური ფრონტია დღეს გამარჯვების რეალური შანსი და თუ ამ შანსს ხელიდან გავუშვებთ, წაგებული დარჩება ჩვენი სამშობლო, მთელი მისი მოსახლეობა და ქვეყანაში დიდი ხნით გამყარდება დიქტატურა!

გავერთიანდეთ!

ყველანი – დამნაშავე რეჟიმის წინააღმდეგ!

ეს არის დღეს ქვეყნის გამარჯვების ერთადერთი ფორმულა.

2012 წლის  12 მარტი,

თბილისი“