აქტუალური
სააკაშვილი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე წვრთნებს დაესწრო

Saak-na-voenoთბილისი, 20 მარტი, საქინფორმი. პრეზიდენტი სააკაშვილი ვაზიანის სამხედრო ბაზას ესტუმრა, სადაც აშშ-საქართველოს ერთობლივ სამხედრო სწავლება „Agile Spirit“-ს დაესწრო.

„Agile Spirit 2012“, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკრიტიკა და მას პროვოკაციული უწოდა, ყოველწლიური სამხედრო მომზადებაა, რომელიც აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ერთ-ერთი კომპონენტია. იგი მოიცავს აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადების პროგრამასაც, რომლის ფარგლებშიც ქართველი ჯარისკაცები ავღანეთის საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისათვის გადიან წვრთნებს.

სწავლება ითვალისწინებს მცირერიცხოვანი სამხედრო დანაყოფების ტაქტიკის, ესკორტირებისა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფის ტექნიკის დახვეწას.

„400 ქართველი ჯარისკაცი გაიწვრთნა მსოფლიოს საუკეთესო ჯართან და საუკეთესო შენაერთთან ერთად“, – განაცხადა სააკაშვილმა საჩვენებელ წვრთნებზე დასწრების შემდეგ.

„ყოველ ასეთ ვარჯიშს, ყოველ ასეთ ურთიერთქმედებას აქვს ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა, ისევე, როგორც იმას, რომ რამდენიმე ათასმა ჩვენმა ჯარისკაცმა გაიარა ავღანეთის სკოლა“, – განაცხადა მან.

„თუ ჯარს არ აქვს საბრძოლო გამოცდილება, თან ისეთ რეგიონში, როგორშიც ჩვენ ვართ, ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ჩვენთვის ავღანეთში ყოფნა და იქ გაღებული მსხვერპლი, იმ ჯარის ფასი არის კაპიკი. ჯარს უნდა ჰქონდეს საბრძოლო გამოცდილება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ამ მხრივ, ბოლო წლების განმავლობაში შეიარაღებული ძალების მომზადების თვალსაზრისით, სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ. ჩვენ მივაღწიეთ სერიოზულ პროგრესს თავდაცვითი ინფრასტრუქტურის გამაგრების, საბრძოლო ტექნიკის წარმოების მხრივაც“, – განაცხადა მან.

„ჩვენ გვექნება ძალიან კარგი ტერიტორიული თავდაცვის სისტემა, მაქსიმალურად მიახლოებული იმასთან, რაც აქვთ შვეიცარიელებს, შვედებს; ერთი სიტყვით, გავითვალისწინებთ საუკეთესო ევროპულ მაგალითებს“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

„ჩვენ გავითვალისწინეთ ის მწარე გამოცდილება, რომელიც გვქონდა გასულ წლებში და ამიტომ ყოველგვარი ხმაურის, ტრაბახის, პიარის გარეშე ვაგრძელებთ განვითარებას ჩვენი თავდაცვითი შეიარაღებული ძალების“, – დასძინა მან.

„Agile Spirit“-ის პირველი ერთობლივი წვრთნა შარშან ივლისში ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართა და მასში 350-მა ამერიკელმა საზღვაო ქვეითმა მიიღო მონაწილეობა.