აქტუალური
კოალიცია „ქართული ოცნების“ განცხადება

gancxadeba4თბილისი, 21 მარტი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს „ქართული ოცნების“ პრესსამდივნოდან ატყობინებენ, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს თავისი პოლიტიკური საქმიანობის გააქტიურებასთან ერთად ხელისუფლების სულ უფრო მზარდ ზღვარგადასულ  და გაუგონარ რიტორიკასთან დაკავშირებით.

„ხელისუფლება კარგად ხვდება, რომ მისი ძალაუფლებაში ყოფნა დასასრულს უახლოვდება და აგონიაშია ჩავარდნილი. სხვა რა შეიძლება ეწოდოს მიხეილ სააკაშვილის  მხრიდან საქართველოს სტრატეგიული და პარტნიორი ქვეყნების საელჩოების მიმართ გაკეთებულ ყოვლად შეურაცხმყოფელ და უპასუხისმგებლო განცხადებებს, რომლებსაც ახლა უკვე ერთმანეთის მიყოლებით, დიდი მონდომებით აგრძელებენ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები და სახელისუფლებო ექსპერტები“, – ნათქვამია განცხადებაში.

კოალიცია „ქართული ოცნება“ კატეგორიულად აცხადებს, რომ სააკაშვილისა და მისი წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული მსგავსი შინაარსის განცხადებები უკვე სცილდება მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესს, სახელმწიფოებთან ურთიერთობის ცივილიზებულ ფორმებს და საშიშ ტენდენციას იღებს. „ასეთ განცხადებებს არაფერი აქვს საერთო ეროვნულ თავმოყვარეობასთან და  გამოწვეულია მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის გარდაუვალი დამარცხების შიშით“, – ნათქვამია განცხადებაში.