აქტუალური
„თავისუფალი საქართველო“ სტუდენტთა დასაქმების წინასწარ სიებს აპროტესტებს

fosta-studentთბილისი, 22 მარტი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე თამილა გურაშვილი ატყობინებს,

სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების „summer job“-ის პროგრამის პროექტში დარეგისტრირება ოფიციალურად 20 მარტიდან დაიწყო, დედოფლისწყაროდან პროექტში მონაწილეობისთვის კი წინასწარ გამგეობიდან შეარჩიეს 40-მდე სტუდენტი.

„თავისუფალი საქართველო“ აპროტესტებს პოლიტიკური ნიშნით ამ პროგრამაში  სტუდენტთა შერჩევას. „მიგვაჩნია, რომ ეს არის დამფრთხალი ხელისუფლების კიდევ ერთი წინასაარჩევნო ხმების მოსყიდვის და დაკავების მცდელობა და არა სტუდენტებზე მზრუნველობა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს  ნაციონალური ხელისუფლების მორიგი პიარკამპანიაა. ამ სპექტაკლების დადგმა ხდება იმ ფონზე, როცა სტუდენტთა უმრავლესობის ოჯახი უკანასკნელი დანაზოგებით ძლივს ახერხებს სწავლის გადასახადის გადახდას, ხოლო  დედოფლისწყაროს ახალგაზრდობის უმეტესობა უფულობის გამო ვერ ახერხებს, ელემენტარულად რომ კოლეჯში მაინც გააგრძელონ  სწავლა. მუნიციპალიტეტის გამგეობამ აღნიშნული პროექტისთვის შეარჩია შეძლებული და ნაციონალური ხელისუფლების მხარდამჭერი აქტივისტები“, – ნათქვამია განცხადებაში.

„თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის განცხადებით,  სწავლის 1000-ლარიანი ვაუჩერი და სტუდენტთა დასაქმების ეს პროექტი  არის მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნოდ ხალხის გაბრიყვება. „დედოფლისწყაროს ნაციონალურ ხელისუფლებას ხალხის დარდი არც არასოდეს ჰქონია და არც აქვს!“ – ნათქვამია განცხადებაში.