აქტუალური
მსოფლიო ბანკმა საქართველოს 70 მილიონი დოლარი გამოუყო

WorldBankთბილისი, 23 მარტი, საქინფორმი. მსოფლიო ბანკმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს მთავრობის სახელით ხუთშაბათს, 22 მარტს ხელი მოაწერეს შეთანხმებას შიდასახელმწიფო და ადგილობრივი გზების მეორე პროექტის დაფინანსების შესახებ.

საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ, ხოლო მსოფლიო ბანკის მხრიდან - სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ასად ალამიმ. ცერემონიაში მონაწილეობდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი.

პროექტის ფარგლებში საქართველო 70 მილიონ დოლარს მიიღებს.

ასად ალამის განცხადებით, ეს პროექტი საქართველოს ეკონომიკის გაძლიერების საშუალებას მისცემს, რადგან რეგიონებში გზების რეაბილიტაცია და მშენებლობა განავითარებს როგორც ინფრასტრუქტურას, ისე სოფლის მეურნეობასა და ტურიზმს. ”ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართული სახელმწიფოს ძალისხმევას ეკონომიკის გაძლიერების კუთხით, რაც მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება”, - აღნიშნა მან.