აქტუალური
ცხინვალში პარლამენტმა გენპროკურორი გაათავისუფლა

teimuraz-xugaevთბილისი, 23 მარტი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა გენერალური პროკურორის – თაიმურაზ ხუგაევის ,თანამდებობიდან გათავისუფლებას დაუჭირა მხარი მას შემდეგ, რაც დეკემბერში პირველ მცდელობაზე ეს საკითხი ჩააგდო.

ხუგაევის თანამდებობიდან გათავისუფლება იმ შეთანხმების ნაწილი იყო, რომელმაც შემოდგომაზე რეგიონში ჩატარებული არჩევნების გაბათილების შემდგომი კრიზისი და ორკვირიანი საპროტესტო აქციები დაასრულა. თუმცა დეკემბერში დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს ხუგაევის და მასთან ერთად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აცამაზ ბიჩენოვის გადაყენებას, რაც, ასევე, შეთანხმების ნაწილი იყო. ამ პუნქტის დარღვევამ პრეზიდენტობის ყოფილ ოპოზიციონერ კანდიდატ ალა ჯიოევასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობები კვლავ გაამწვავა – ჯიოევამ 10 თებერვალს საკუთარი ინაუგურაციის დღე დანიშნა, თუმცა ეს ცერემონია ვერ შედგა, რადგან წინა დღეს ოპოზიციის ლიდერი საავადმყოფოში მოხვდა მის შტაბბინაში სამართალდამცველების მონაწილეობით მომხდარი ინციდენტის შედეგად.

სავარაუდოდ, ამ ინციდენტით გამოწვეული დაძაბულობის შერბილების მიზნით რეგიონის ლიდერის მოვალეობის შემსრულებელმა ვადიმ ბროვცევმა პარლამენტს ხუგაევის გათავისუფლების თხოვნით თებერვალში ხელახლა მიმართა. დეპუტატებმა ეს თხოვნა 25 მარტს დაგეგმილი განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების წინ დააკმაყოფილეს.

კვირას დაგეგმილ არჩევნებში ოთხი კანდიდატი იღებს მონაწილეობას.