რელიგია
პატრიარქმა ელჩებს დახმარება სთხოვა

elchebi-patrთბილისი, 26 მარტი, საქინფორმი. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ გუშინ, 2012 წლის  25 მარტს, ავტოკეფალიის აღდგენის 95 წლისთავი აღნიშნა. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოში მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა დიპლომატიურ მისიათა ხელმძღვანელებს დახმარებისთვის მიმართა და საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასა და შემოდგომისათვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნების  მართლაც სამართლიანად და ღიად ჩატარებაში ხელშეწყობა სთხოვა. მოხარული ვიქნები, თუ ხშირად გვეწვევით. ახლა ძალზე ძნელი პერიოდი გვაქვს, წინ არის საპარლამენტო არჩევნები, და მე მხარდაჭერას გთხოვთ, მიმართა ელჩებს ილია მეორემ.

სტუმრები გაგებით მოეკიდნენ ქვეყნის სულიერი ლიდერის შეშფოთებას და იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში პროგრესი დაისახება და ჭეშმარიტად დემოკრატიული პრინციპები დამკვიდრდება. შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი მეუღლითურთ, ჩეხეთის, გერმანიის, ჰოლანდიის, ისრაელის, ლატვიის, იაპონიის, საბერძნეთის ელჩები, გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლები, სასულიერო პირები – საქართველოში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები.

შეხვედრის დასასრულ პატრიარქმა ელჩებს საკუთარი ნაწარმოები – „აგნუს დეი“ მოასმენინა და კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ვიზიტისათვის.