აქტუალური
„NDI“-ს 2012 წლის კვლევაში ქართული ეკლესიის ნდობის კოეფიციენტი ნდობას არ იმსახურებს

fosta-kvleva1245თბილისი, 28 მარტი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს პროექტ „ქობულეთის სამების“  ხელმძღვანელი, იურისტი არჩილ კაიკაციშვილი აცნობებს, „NDI“-ს მიერ 2012 წლის მარტში გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნდობის კოეფიციენტთან მიმართებით, საქართველოს მოსახლეობის რეალურ განწყობას ვერ ასახავს და არაზუსტი სურათი თავად უარყოფით იმიჯს უქმნის ავტორიტეტულ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის საქმიანობას.

ორგანიზაციის 2012 წლის თებერვალ-მარტის კვლევის თანხმად, ნდობის რეიტინგებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობის მხარდაჭერის 68% იმსახურებს. კვლევაში პერსონალური ნდობის რეიტინგები ორი მიმართულებითაა გადანაწილებული. გამოყოფილია პროცენტული მაჩვენებლები – „ძალიან ვენდობი“ და „ვენდობი“. ამ შეფასებით, საქართველოს პატრიარქს ძალიან ენდობა 68%, ხოლო მარტივი ნდობის კოეფიციენტით ენდობა 25%.

კვლევაში ახსნილი არ არის, თუ რა შეიძლება გამხდარიყო ქართული ეკლესიისა და უშუალოდ პატრიარქის ნდობის ნაკლებობის მიზეზი, მაშინ, როდესაც „NDI“-ს 2011 წლის 9-21 სექტემბრის კვლევის მიხედვით, ქართულ ეკლესიას გამოკითხულთა 86% ენდობოდა.

მაშინ „NDI“-ის კვლევის მთავარი კითხვარი და პასუხები ასე იყო გადანაწილებული: გამოკითხულთა 69% არ ეთანხმებოდა სამოქალაქო კოდექსში შესულ იმ ცვლილებას, რომლის თანახმადაც, ყველა რელიგიური გაერთიანებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭება დადგინდა. გამოკითხულთა 48%-ს ამგვარი ცვლილებების შესახებ სმენოდა, 47%-ს კი – არაფერი. გამოკითხულთა 81% მიიჩნევდა, რომ ამ საკითხზე მოსახლეობასთან კონსულტაციები უნდა გამართულიყო, ხოლო ვისაც სამოქალაქო კოდექსში შესულ ამგვარ ცვლილელებზე სმენია, მათგან 78% მიიჩნევდა, რომ გადაწყვეტილება ნაჩქარევად იქნა მიღებული. 86%-ის აზრით, ამ საკითხზე ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები უნდა გამართულიყო.

ამასთან, საგულისხმოა „NDI“-ს 2010 წლის კვლევის მონაცემებიც, რომელიც 10 აპრილს გამოქვეყნდა და რომლის თანახმადაც, მოსახლეობაში ყველაზე მაღალი ნდობის ინსტიტუციით ქართული ეკლესია სახელდებოდა. კერძოდ, კათოლიკოს-პატრიარქს „ძალიან კარგად“ და „კარგად“ 87% აფასებდა და შემდგომ ადგილზე მოდიოდნენ ქართული არმია (68%), პოლიცია (62%) და სხვა.

„აღსანიშნავია, რომ „NDI“-ის კვლევაში, საქართველოს მასშტაბით მონაწილეობდა 3,161 რესპონდენტი, 2011 წელს – 2 425 რესპონდენტი და 2010 წელს – 2378 რესპონდენტი.

გაუგებარია, რატომ იცვალა რეიტინგი ორგანიზაციის გამოკითხვაში ეკლესიის ნდობამ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში და რა ფაქტორებმა გამოიწვია ჯერ 87%-დან 86%-მდე ცვალებადობა, წელს კი 18%-იანი ცვლილება – ეკლესიისთვის 68%-იანი მხარდაჭერა. პირიქით, სწორედ  ბოლო ექვს თვეში ქვეყნის შიგნით განვითარებულმა პოლიტიკურმა, საზოგადოებრივმა და სამართლებრივმა საკითხებმა კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა პატრიარქისა და ეკლესიის განსაკუთრებული პასუხისმგებლობები. რად ღირს, გავიხსენოთ დისკუსია რელიგიური გაერთიანებებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და მრევლის პოზიცია, პატრიარქის ცალკეული მიმართვები საზოგადოებისადმი და პოლიტიკური პროცესის ირგვლივ, თურქეთში ქართული ტაძრებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭების მოთხოვნის დაყენება, ჯვრის მონასტერთან არსებული დისკუსიები, პატრიარქის რამდენიმე საყურადღებო ვიზიტი უცხოეთში, ბათუმში აზიზიეს სახელობის მეჩეთის ჩაფიქრებული მშენებლობის საკითხი, ეკლესიის პოზიცია თუ სხვა.

ამდენად, ცალსახაა, მოტანილი პროცენტი ვერ ასახავს ქართული ეკლესიის დღევანდელ განსაკუთრებულ როლს საზოგადოების განწყობებში და მხარდაჭერას ვერ იმსახურებს“, – ნათქვამია კვლევის პასუხად არჩილ კაიკაციშვილის გამოხმაურებაში.