აქტუალური
გარდაიცვალა გივი ბაქრაძე

giviiiiთბილისი, 29 მარტი, საქინფორმი. საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ დღეს გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გივი ბაქრაძე – პატრიოტის, ქართველის, მამაკაცისა და ჟურნალისტის ეტალონი.

ჟურნალისტიკაში ნაყოფიერი მოღვაწეობის 50 წელი, აქედან 32 – ტელევიზიაში: ის გახლდათ ავტორი და წამყვანი ტელეპროგრამისა „სიტყვა საქართველოზე“ სახტელერადიოს პირველ არხზე, აგრეთვე, იყო ავტორი და მიჰყავდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტელეპროგრამა „სპა“. გივი ბაქრაძე ბევრ გამომცემლობასთან თანამშრომლობდა, მაგრამ ტელევიზიაში მუშაობის შემდეგ სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე გაზეთ „სვობოდნაია გრუზიას“ მიმომხილველად მუშობდა, აგრეთვე, 2010 წლის 10 აგვისტოდან, საქინფორმის აღდგენის პირველივე დღეებიდან, ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი და სამხედრო ექსპერტი გახლდათ. მკითხველს, უდავოდ, ახსოვს მისი ბრწყინვალე პუბლიკაციები და ჟურნალისტური გამოძიებები სამხედრო თემებზე.

მიუხედავად იმისა, რომ გივი საქართველოს შეიარაღებულ ძალთა ვეტერანი, აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების მონაწილე და ღირსების ორდენის ერთ-ერთი პირველი კავალერი იყო, მან მთელი ცხოვრება თავის სამშობლოს – საქართველოს მიუძღვნა, რათა აქ მუდამ მშვიდობა სუფევდეს, ადამიანები უწინდებურად მეგობრობდნენ ერთმანეთთან, დანაკარგის ტკივილი და სიმწარე დაივიწყონ.

აუნაზღაურებელი დანაკარგი – არა, ეს სიტყვები ვერ გადმოსცემს იმათ ტკივილს, ვინც იცნობდა გივის, მეგობრობდა, მუშაობდა, იბრძოდა მასთან ერთად, ყველა მისი ნათესავისა და ოჯახის წევრების ტკივილს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვერცერთმა მისმა მეგობარმა – გამოცდილმა ჟურნალისტებმა – ვერ შეძლო, დაეწერა მწარე სიტყვები – გივი ჩვენგან წავიდა – და ამის გაკეთება მე, მის მეგობარსა და თანამებრძოლს, მიწევს. ამიტომ მომიტევეთ, თუკი რაიმე გამომრჩა, ბოლომდე ვერ ვთქვი, დაე, ჩემ მაგივრად ეს სხვებმა გააკეთონ... ჯარისკაცებმა და გენერლებმა, ჟურნალისტებმა და მკითხველებმა – დიახ, გივი ბაქრაძე ის უნიკალური ადამიანი იყო, ვისზეც ისინი მხოლოდ კეთილ სიტყვას იტყვიან და თავისი ცრემლების არ შერცხვებათ!

გივი, ჩვენთვის შენ მარად ცოცხალი იქნები, მუდამ ჩვენ გვერდით შეგიგრძნობთ, და მაპატიე, რომ რამდენიმე დღის წინ, როდესაც სარედაქციო დავალებიდან – დიდი სამამულო ომის ვეტერანების რესპუბლიკური შეკრებიდან დაბრუნებულმა მობილურით დამირეკე, მე ზარი ვერ გავიგონე და არ გიპასუხე...

 

საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი

პანაშვიდები გაიმართება 30 და 31 მარტს,

დაკრძალვა 1 აპრილს, 14 საათზე.

მისამართი: თბილისი, თაყაიშვილის ქ. №6