საზოგადოება
თბილისი, 11 აპრილი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ ლიდერმა გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩისგან – ფრენკ ვიზნერისგან – საინტერესო რჩევები მიიღო. როგორც ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ განუცხადა, საუბარი ძალიან საინტერესო იყო, რომელშიც გამოჩნდა, რომ ფრენკ ვიზნერმა ბევრი რამ იცის საქართველოს შესახებ.
„ქართული ოცნების“ ლიდერის ინფორმაციით, ფრენკ ვიზნერი კარგად არის ინფორმირებული მისი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ხელისუფლების მხრიდან მის მიმართ განხორციელებული უკანონობის შესახებაც.
„გვქონდა საინტერესო საუბარი და მივიღეთ საინტერესო რჩევები, როგორ გავაგრძელოთ ბრძოლა ამავე სტილით, რომ მივიღოთ რეალურად დემოკრატიული არჩევნები შემოდგომაზე“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
აშშ-ის ყოფილი ელჩი გაეროში ფრენკ ვიზნერი საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მოწვევით ჩამოვიდა, პირისპირ შეხვედრა ვიზნერსა და ივანიშვილს შორის „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიზნესცენტრში საათ-ნახევარს გაგრძელდა.