აქტუალური
საქართველოს საგარეო უწყება მიესალმება ბელარუსის ოპოზიციის ლიდერების გათავისუფლებას

Saakashvili-Aliyev-Yanukoviთბილისი, 18 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა ბელარუსის ხელისუფლების მიერ ოპოზიციის ლიდერების პატიმრობიდან გათავისუფლებას და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ფაქტი ევროკავშირსა და ბელარუსს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას დაეხმარება.

17 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმედი გამოთქვა, რომ  აღნიშნული ფაქტი განაპირობებს ბელარუსის ევროკავშირთან პირდაპირი დიალოგის განახლებასა და აღმოსავლეთპარტნიორობის ინიციატივაში მისი სრულფასოვანი ჩართულობის უზრუნველყოფას, ასევე, ევროკავშირსა და ბელარუსს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციასა და შემდგომ განვითარებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცების პროცესს.

ბელარუსის ხელისუფლებამ ანდრეი სანიკოვი, რომელიც 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს კონკურენტი იყო, და მისი მრჩეველი დიმიტრი ბონდარენკო 15 აპრილს გაათავისუფლა.

ევროკავშირი მიესალმა სანიკოვისა და ბონდარენკოს გათავისუფლებას, თუმცა მოუწოდა მინსკს, უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა დარჩენილი პოლიტიკური პატიმარი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ასევე, მოუწოდა ბელარუსს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა დარჩენილი პოლიტიკური პატიმარი.

გათავისუფლებამდე ცოტა ხნით ადრე, მარტის ბოლოს, ევროკავშირმა სანქციების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო და იმ პირთა შავ სიას, რომელთაც ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ეკრძალებათ და რომელთა აქტივებიც გაყინულია, კიდევ 12 ადამიანი და 29 კომპანია დაემატა.

მას შემდეგ, რაც ამ სანქციების შესახებ გახდა ცნობილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც შეშფოთება გამოხატა ევროკავშირსა და ბელარუსს შორის დაძაბულობის გაღრმავების გამო.

2011 წლის სექტემბერში, როდესაც ვარშავაში ჩატარებულ აღმოსავლეთპარტნიორობის სამიტში ბელარუსმა მონაწილეობა არ მიიღო, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბელარუსის გარეშე ევროკავშირის აღმოსავლეთპარტნიორობის ინიციატივა ექვსი პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის სრულფასოვანი პარტნიორობა ვერ იქნება. მისი თქმით, ძალიან ცუდი იყო, რომ ბელარუსის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ სამიტს და მოუწოდა ევროკავშირს, არ მისცეს რუსეთს უფლება, ბელარუსთან მიმართებაში ინიციატივა ხელში აიღოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა არ დაკარგოს კონტროლი ამ პროცესსზე, ეს პროცესი არ ჩაუვარდეს ხელში მეორე დიდ მეზობელს, რომელიც  დაკავებულია ამ საკითხით“, – განაცხადა სააკაშვილმა შარშან სექტემბერში.

თავის პოლონელ კოლეგა ბრონისლავ კომოროვსკისთან 2011 წლის ივლისში ბათუმში გამართული შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოუწოდა ევროპას, არ შეაქციოს ზურგი ბელარუსს და განაცხადა, რომ ამ ძალიან ევროპელი ერის იზოლირება იმით დასრულდება, რომ ბელარუსი დღევანდელი რუსეთის მთავრობის სრულ კონტროლქვეშ მოექცევა.