აქტუალური
ახალი ჰესის მშენებლობას მკვეთრად უარყოფითი ზეგავლენა ექნება ეკოსისტემაზე

hesi-chuberiთბილისი, 24 აპრილი, საქინფორმი. სვანეთის სოფელ ჭუბერში 210 მეგავატი სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების ცერემონიალი გაიმართა.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, ნენსკრაჰესს, რომელშიც 630 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება, ჩინური კომპანია „Sinohydro“ აშენებს, ხოლო მის მართვას საქართველოს რკინიგზის შვილობილი კომპანია, სს „ნენსკრა“ განახორციელებს.

„ეს არის გრანდიოზული მოვლენა, მართლაც, და ეს არის ისტორიული მშენებლობის დასაწყისი“, – განაცხადა სააკაშვილმა მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე და აღნიშნა, რომ ჩინელი პარტნიორების დახმარებით აქ ხუთ წელიწადში იდგება ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც აშენებულა როდესმე ენგურჰესის შემდეგ. 1978 წელს აშენებული ენგურჰესის სიმძლავრე 1300 მეგავატს შეადგენს.

უშუალოდ ნენსკრაჰესის მშენებლობამდე დაიწყება მისკენ მიმავალი გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი, სავარაუდოდ, 2017 წელს დასრულდება.

საქართველოს მთავრობის გეგმაა, თითქმის სრულად ჩაანაცვლოს იმპორტირებული გაზის მეშვეობით თბოელექტროენერგიის გამომუშავება ჰიდროელექტროენერგიით, რაც ქვეყნის ენერგოგამომუშავების, დაახლოებით, 93%-ს შეადგენს.

გარემოსდამცველმა ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“  23 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე 130 მ სიმაღლის ქვანაყარი კაშხლისა და მისი წყლის რეზერვუარის, შემდგომ ფაზაზე კი 11.8 კმ სიგრძის სადერივაციო გვირაბის მშენებლობას, რომლის საშუალებითაც მოხდება მდინარე ნაკრას წყლის გადმოგდება მდინარე ნენსკრას ხეობაში, მკვეთრად უარყოფითი ზეგავლენა ექნება ადგილობრივ ეკოსისტემაზე. ამავე განცხადების თანახმად, სვანეთის მაღალმთიანეთში გაიჩეხება 400 ჰა-მდე ხელუხლებელი ტყე.