პუბლიკაციები
არნო ხიდირბეგიშვილი: „Звенит звонок, пора расстаться“ – მერაბიშვილი მიდის ივანიშვილთან, თუ პრემიერ-მინისტრად?

1vanoooპოპულარული ქურდული სიმღერის სიტყვები სათაურში შემთხვევითობა არ გეგონოთ, ახლა გასული კვირის მთავარ გმირებზე ვისაუბრებთ – ადამიანებზე, რომლებმაც საქართველოში კანონიერი ქურდები გაანადგურეს და მათი ადგილი თავად დაიკავეს. კერძოდ კი – დიქტატორსა და პოლიციელზე, პრეზიდენტ სააკაშვილსა და მინისტრ მერაბიშვილზე – პოლიციური სახელმწიფოს მთავარ ავტორიტეტებზე, სადაც დემოკრატიას კი არა, დიქტატურას აშენებენ. დაჯავშნული საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“, ჯავშანსტრანსპორტერი „დიდგორი“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და უპილოტო საფრენი აპარატები – ყველა ეს ახალი სამხედრო სათამაშო განკუთვნილია არა გარეშე მტერზე თავდასასხმელად ან თუნდაც მისგან თავდასაცავად, არამედ დიქტატურის დასაცავად და საკუთარ ხალხზე თავდასასხმელად, თუკი არჩევნებში ისინი ხმას „ნაცმოძრაობას“ და სააკაშვილს კი არა, არამედ, მაგალითად, „ქართულ ოცნებასა“ და ივანიშვილს მისცემენ...

მაგრამ ზემომოყვანილი ციტატა ქურდული ფოლკლორიდან შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობითაც განიმარტოს, რადგან გასულ კვირას საქართველოს პარლამენტში ნამდვილად დაირეკა ზარი – იმის ნიშნად, რომ  რეჟიმთან გამოთხოვების დროა (რაც, მიუხედავად თანდაყოლილი გონებრივი არასრულფასოვნებისა, არ შეიძლებოდა შეუმჩნეველი დარჩენოდა გამყიდველ ქართველ ექსპერტთა ხროვას, რომლებიც ლუკმაპურს მიშას სამეფო კარზე ბილწსიტყვაობით შოულობენ და რომელმაც, გასაგები მიზეზებით, „ნი ვიჟუ“-ს დაჭერა ამჯობინა...).

ნებისმიერმა, ვინც მინიმალურად მაინც იცნობს საქართველოს უახლეს ისტორიას და და ნაციონალური პოლიტიკური სამზარეულოს თავისებურებებს, იცის, რომ, როცა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს საკუთარ განსაკუთრებულობასა და ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე (მმართველი პარტიაზე) თავის აღმატებაზე, ეს დასასრულის დასაწყისს ნიშნავს – ხელისუფლება ამისათვის მას „უშვებს“, თუმცა მალე თავადაც კვალდაკვალ მიჰყვება! შევარდნაძის ხანის შს მინისტრ კახა თარგამაძის ცნობილ განცხადებას – „მე რკინისა ვარ, რკინის კაცი!“ – მოჰყვა მისი გადადგომა, რომელიც აწ გარდაცვლილი ჟვანიას მიერ (მაშინდელი მმართველი პარტია „მოქალაქეთა კავშირის“ პარლამენტის ხელმძღვანელის)  იყო პროვოცირებული. მალე კი „ვარდების რევოლუციამაც“ დაიქუხა... რა მოჰყვება საქართველოს შს მოქმედი მინისტრის – ვანო მერაბიშვილის, განცხადებას, რომელმაც გასულ პარასკევს (27 აპრილს) საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ქართული პოლიცია უფრო პოპულარულია, ვიდრე მმართველი პარტია „ნაცმოძრაობა“? რამ უბიძგა, ჩვეულებრივ, სიტყვაძუნწ ძალოვან მინისტრს ასეთი სკანდალური პოლიტიკური განცხადების გაკეთებისკენ?

ამის მისახვედრად უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი:

– მერაბიშვილი სააკაშვილის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი იყო „ვარდების რევოლუციიდან“, ხოლო შემდეგ, თავად სააკაშვილის სიტყვებით, „საქართველოს სახელმწიფოებრიობის ხერხემალი“ გახდა, ანუ რეჟიმის მთავარი დასაყრდენი. ანუ მერაბიშვილმა სააკაშვილის ჰიპერამბიციური ხასიათი მის მშობლებზე უკეთაც კი იცის, თუმცა, მიუხედავად ამისა, გაბედა, ასეთი სარისკო ნაბიჯი გადაედგა;

–მერაბიშვილი, როგორც სააკაშვილი, თავად არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი-ლიდერი, თუმცა, მიუხედავად ამისა, საკუთარ თავს ნება მისცა, ეს სიტყვები დარბაზში მყოფი საპარლამენტო ნაცუმრავლესობისთვის პირში ეთქვა. ეს იყო აშკარა გამოწვევა კაცისა, ვინც „ნაცმოძრაობიდან“თანაპარტიელების ყველა სისხლისსამართლებრივი დანაშაული იცის, რომელთაგან ბევრი რამდენიმე სამუდამო პატიმრობის ღირსია;

–მერაბიშვილი, როგორც სააკაშვილი, შევარდნაძის მიერ დაარსებული ყოფილი მმართველი პარტია „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ მთავარი საბჭოს წევრი იყო, რომელიც შემდგომ, სააკაშვილთან ერთად, შიგნიდან დაანგრია, ამიტომ მერაბიშვილმა არ შეიძლება არ იცოდეს განხეთქილების ფასი მმართველ გუნდში და არ გაითვალისწინოს თავისი დემარშის შედეგები;

– მერაბიშვილი განზრახ მივიდა სამთავრობო საათზე და გააკეთა თავისი განცხადება, თუმცა შეეძლო, უმტკივნეულოდ უგულებელეყო დეპუტატთა მორიგი მიწვევა და სულაც არ გამოცხადებულიყო პარლამენტში, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა (ბოლოს, ამა წლის 29 მარტს);

– მერაბიშვილს დეპუტატთა შეკითხვებზე პასუხისას შეეძლო, მარტოოდენ შს მინისტრის კომპეტენციით შემოფარგლულიყო, თუმცა განზრახ გააფართოვა თავისი არეალი და თავს პოლიტიკური და ეკონომიკური სენტენციების უფლება მისცა, რაც პრემიერ-მინისტრის გამოსვლას უფრო შეეფერება. ხოლო როცა ძალოვანი სპეცსამსახურების მინისტრი (ეკონომიკის ანდა ფინანსთა მინისტრიც კი არა!) საპარლამენტო ტრიბუნიდან აცხადებს, რომ ფულს სუნი არ უდის და იგი მიესალმება რუსული ინვესტიციების გაზრდას – რფ-ის სახელმწიფო კაპიტალის შემოდინებას საქართველოში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ წინაშე უკვე ქვეყნის მთავარი პოლიციელი კი არა, არამედ სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის უფლებამოსილებებით აღჭურვილი ან, როგორც მინიმუმ,  შემდგომში ამ უფლებამოსილებებზე პრეტენზიის მქონე  ადამიანია;

– მერაბიშვილს პოლიციის პოპულარობაზე საუბრისას უფრო მეტად მხედველობაში ჰქონდა პოპულარობა არა სახელმწიფოს შიგნით, არამედ საზღვარგარეთ – მაგალითად, ძნელია, ვერ შეამჩნიო ის განსაკუთრებული ყურადღება და კეთილმოსურნეობა, რომელსაც მერაბიშვილის ფიგურისადმი რუსეთის მედია იჩენს. მაშ, რატომაა მერაბიშვილი პოპულარული რუსეთში, ხოლო სააკაშვილი ასე ანტიპათიური?! ხომ ორივე რუსეთს მტერსა და ოკუპანტს უწოდებს, მართალია, მერაბიშვილი – უფრო მშვიდი ინტონაციით... იქნებ იმიტომ, რომ ვანო ერთადერთი იყო მიშას უახლოესი გარემოცვიდან, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა 08.08.08 ავანტიურას?

– მერაბიშვილი დაახლოებული იყო მილიარდერ ივანიშვილთან, რომელიც, როგორც მისი ინტერვიუდან ვიტყობთ, მერაბიშვილს, როგორც პროფესიონალს, პატივს სცემს და ერთხელ იმ სავარაუდო გადაყენებისგანაც კი იხსნა, რომელსაც სააკაშვილი უმზადებდა. ხომ არ აპირებს მერაბიშვილი სავარაუდო გადაყენების შემდეგ ივანიშვილთან გადასვლას? აღსანიშნავია, რომ ერთმანეთის მისამართით ივანიშვილსა და მერაბიშვილს ჯერჯერობით არცერთი შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული შენიშვნა არ გამოუთქვამთ.

გასულ ხუთშაბათს კი (26 აპრილს), პარლამენტში მერაბიშვილის გამოსვლის წინა დღეს, რფ-ის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა პირდაპირ ეთერში უპასუხა რუსული სატელევიზიო ტელეარხების – «Первый», «Россия», «НТВ», «Дождь» და РЕН ТВ-ს – ჟურნალისტთა შეკითხვებს, სადაც განზრახ ორჯერ შეეხო საქართველოს. ორჯერვე კონკრეტულად მოიხსენიებოდა ანდა იგულისხმებოდა ორი კაცი: პირველ შემთხვევაში – მერაბიშვილი, მეორეში – სააკაშვილი.

დავიწყოთ ამ უკანასკნელით: „სააკაშვილი ცარიელი ადგილია, ნულია. იგი ადრე თუ გვიან პოლიტიკური ისტორიიდან წავა, ხოლო ქვეყნის ნებისმიერ სხვა ლიდერთან, რომელიც იქ გამოჩნდება, მზად ვართ, ავაწყოთ ურთიერთობები, აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები და ამ საკითხში იმდენად შორს წავიდეთ, რამდენადაც ისინი საამისოდ მზად იქნებიან“, – განაცხადა მედვედევმა. იმდენად მკაფიო ნათქვამია, რომ სააკაშვილიც კი, რომელიც მედვედევს ავტომრბოლელის ფორმაში გამოწყობილი პასუხობდა, სულაც „არ ერეკებოდა“, არამედ პრაქტიკულად დათანხმდა გადადგომაზე (რაც, „რატომღაც ვერ შენიშნეს“ სამეფო კარის მოსამსახურე ექსპერტებმა!). გავიხსენოთ სააკაშვილის პასუხი: „თუ ისინი  ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლს საქართველოს დაუბრუნებენ და თავის ჯარებს გაიყვანენ, იქნება ეს მედვედევი თუ რუსეთის რეალური მმართველი, დღესვე მზად ვარ, საითაც ნებავთ, იქით გავფრინდე და ხელი მოვაწერო ხელშეკრულებას, რომ ჩემსა და ჩემი მთავრობის გადადგომას საქართველოს ტერიტორიების დაბრუნებაზე ვცვლი. და მეორე: მზად ვარ, დამატებით მოვიჭრა და გავუგზავნო მათ ჩემი სხეულის ის ნაწილები, რომელთა მიმართაც არაერთხელ გამოთქვეს თავისი ინტერესი“.

ძნელი არ არის იმის შემჩნევა, რომ მიშა პრაქტიკულად ითხოვს იმას, რაზეც მისი წასვლის შემდეგ ისედაც არსობრივად იმსჯელებენ და  გადაწყვეტენ (განსხვავება მხოლოდ მიდგომებსა და ფორმულირებებშია), მაგრამ მას ძალიან არ უნდა ისტორიას ჩაბარდეს ადამიანად, რომლის ბრალეულობითაც საქართველომ თავისი ტერიტორიების 20 პროცენტი დაკარგა... ხოლო „პოსლეზე“ რუსეთი სააკაშვილთან არ მორიგდება: «Утром – деньги, вечером – стулья, вечером – деньги, утром – стулья“, მაგრამ ფული, ანუ შენი გადადგომა, მიხეილ, წინაა! და  შენს მიღებას მოსკოვში, სადაც შესარიგებლად და რაღაცაზე ხელმოსაწერად ჩამოფრენა გინდა, ჩვენ არ ვაპირებთ, რადგან სტუმარს პატივისცემით უნდა შეეგებო, რაც შენ შემთხვევაში გამორიცხულია ნებაყოფლობითი თვითკასტრაციის შემთხვევაშიც კი! ბოლოჯერ 2008 წელს დაგიჯერეთ, როცა შენ გადადგომის პირობა დადე მედვედევ-სარკოზის შეთანხმებაზე ხელმოწერისას“ , – ასე ფიქრობენ კრემლშიც.

რაც შეეხება მედვედევის მიერ ქართული პოლიციის რეფორმის მოხსენიებას (იგულისხმება მისი მთავარი რეფორმატორის –მერაბიშვილის), ეს მერაბიშვილის პარლამენტში გამოსვლის გათვალისწინებით არანაკლებ მნიშვნელოვანია. „ჩვენ, ბოდიში, და ისეთი ნამცეცა, პაწაწა სახელმწიფო არ ვართ, რომელიც ზოგჯერ მაგალითად მოჰყავთ და მეუბნებიან, იცით: მოდი, ყველა პოლიციელი გავყაროთ და ახლები ავიყვანოთ... ვეუბნები, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა არ ვართ, სადაც ამგვარი რამის გაკეთება შეიძლება. ჩვენ დიდი ქვეყანა ვართ. ჩვენთან პოლიციის თანამშრომლები, სამოქალაქო პერსონალთან ერთად, ორ მილიონამდეა, ეს უზარმაზარი არმიაა“, – ამით მედვედევმა განაცხადა შემდეგი: „რუსეთში დაახლოებით იმდენივე პოლიციელია, რამდენიც საქართველოში – მცხოვრები, ამიტომ ქართული რეფორმის მეთოდი არ გამოგვადგება, თუმცა იქ ის შედგა“.

თუმცაღა მედვედევმა, ისევე, როგორც მერაბიშვილმა და თითოეულმა რიგითმა ქართველმა პოლიციელმა, ჩინებულად იცის შემდეგი: დიახ, საქართველოში არ კეტავენ ავტომანქანებს, არ იპარავენ მობილურებს და პოლიციელებიც არ იღებენ ქრთამს, მაგრამ საქართველოს პოლიცია არასოდეს დაუპირისირდება მოქმედი ხელისუფლების ინტერესებს, რომელმაც კანონიერი ქურდები კი მოსპო, მაგრამ მათი ქურდული მენტალიტეტი გადაიღო! საქართველოში პოლიცია, ისევე, როგორც სასამართლოები, პოლიტიზებულია – ის მუდამ უპირატესობას ანიჭებს „თავისიანებს“ და ითვალისწინებს სამართალდამრღვევის პირდაპირ ან ირიბ კავშირს ხელისუფლებასთან. ქართული პოლიცია ხშირად ხელმძღვანელობს არა კანონით, არამედ უფროსების კონკრეტული მითითებებით, რომლებიც უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის ინსტრუქციებით მოქმედებენ. დიახ, ქართული პოლიცია, როგორც უყვარს მერაბიშვილს გამეორება, ეს სერვისია, თუმცა ემსახურება არა ხალხს, არამედ მმართველ კლასს, როგორც ყველა დანარჩენი საქართველოში!

და სწორედ ამაშია კოლიზია: აბსოლუტურად არ არის გამორიცხული, რომ ეს ორმაგი სტანდარტები თავად მინისტრ მერაბიშვილსაც თრგუნავდეს, ისევე, როგორც მრავალ რიგით პოლიციელს, ვისაც გონება, პატიოსნება და სინდისი შერჩენია. ყველას, ვისაც დღეს ეს თვისებები შემორჩა, უნდა ესმოდეს, რომ რადიკალიზმის დრო წარსულს ჩაბარდა და მის ნაცვლად რეალიზმის დრო მოდის: ვინც ამას გაიგებს – თამაშში დარჩება და რეფორმებს გააგრძელებს, ხოლო ვინც ვერ გაიგებს – წავა და ნამოქმედარზე პასუხსაც აგებს...

 

„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი