სამართალი
ომბუდსმენი კონტროლის პალატასთან დაკავშირებულ უფლებადარღვევებზე

tugushii5თბილისი, 2 მაისი, საქინფორმი. სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშის განცხადებით, კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მარტში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთათვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის პროცესის შესწავლის შედეგად არაერთი უფლებადარღვევის ფაქტი გამოვლინდა.

კონტროლის პალატამ რეგიონებში ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიციის ათობით აქტივისტი და მხარდამჭერი დაიბარა, როგორც თავად განმარტა, ოპოზიციური პარტიების ფინანსების მონიტორინგის მიზნით.

დაკითხვებთან დაკავშირებულ საქმეს სახალხო დამცველის აპარატი მოწმეთა გამოკითხვის გზით და კონტროლის პალატის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე 15 მარტიდან საკუთარი ინიციატივით სწავლობდა, რის შედეგადაც, გიორგი ტუღუშმა კონტროლის პალატას რეკომენდაციებით მიმართა, რათა სამომავლოდ უფლებადარღვევები თავიდან იქნეს აცილებული.

სახალხო დამცველმა კონტროლის პალატის ხელმძღვანელ ლევან ბეჟაშვილისადმი გაგზავნილ მიმართვაში, ასევე, მოუწოდა დისციპლინარული წარმოების დაწყებისკენ იმ პირთა მიმართ, რომელთა ქმედებებმა უკვე გამოიწვია კონკრეტულ მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფა.

სახალხო დამცველის განცხადებით, საქმის შესწავლის პროცესში გამოიკვეთა, რომ ახსნა-განმარტებების მისაცემად მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებში, ზოგ შემთხვევაში, არასამუშაო საათებში, დაბარებულ პირებს სახელმწიფო დაცვის პოლიციის თანამშრომლები უტარებდნენ დეტალურ შემოწმებას როგორც დეტექტორით, ისე ხელით, ხდიდნენ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს, ართმევდნენ პირად ნივთებს, რაც „ცალსახად სცდება ადმინისტრაციულ შენობებში შესაბამისი ფუნქციის შესასრულებლად დაქირავებული დაცვის პოლიციის თანამშრომელთა უფლებამოსილებებს“.

„შემოწმება ანალოგიური სახით უტარდებოდათ ადვოკატებს, რომლებსაც, ასევე, არ მისცეს საშუალება, გამოსაკითხ ოთახში შეეტანათ ჩანთები, რომლებშიც ჰქონდათ საკანონმდებლო აქტები, რაც დაცვის უფლების ხელყოფის ტოლფასია“, – აცხადებს სახალხო დამცველი და აღნიშნავს, რომ ამგვარი შემოწმების ნამდვილობას სარწმუნოს ხდის ის გარემოებაც, რომ მისი თანამშრომლები ანალოგიურს ჰყვებიან ადგილზე დაკვირვების შედეგად.

სახალხო დამცველი იმ პასუხისმგებელ პირთა დისციპლინური პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს, რომელთა „უშუალო კომპეტენციაშიც შედიოდა შესაბამის ტერიტორიულ ერთეულებში ახსნა-განმარტების მიცემის პროცესში მოწმეთა უფლებების დაცვა“.

სახალხო დამცველის თქმით, საქმის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ ხშირ შემთხვევაში კონტროლის პალატის წარმომადგენლები ისეთი ტიპის ინფორმაციას მოითხოვდნენ დასაკითხი პირებისგან, რაც არანაირ კავშირში არ იყო გამოსაკვლევ საკითხთან, მათ შორის აღსანიშნავია ინფორმაცია პირის ნასამართლობის შესახებ, პოლიტიკური შეხედულებების შესახებ და სხვა.

„მოწმეთა ნაწილი, ასევე, მიუთითებდა მათ მიმართ კონტროლის პალატის მოხელეთა მხრიდან უხეშ მიმართვასა და კომუნიკაციის არასასურველ ფორმაზე“, – აცხადებს გიორგი ტუღუში და კონტროლის პალატის ხელმძღვანელობას მსგავსი ფაქტების გადამოწმებისა და სათანადო რეაგირებისაკენ მოუწოდებს.

სახალხო დამცველი იმ მოხელეების დასჯისკენაც მოუწოდეს, რომელთაც ახსნა-გამარტებების გამოქვეყნების გზით მოწმეთა სათანადო თანხმობის არარსებობის პირობებში არ უზრუნველყვეს მათი პირადი საიდუმლოების დაცვა. აქვე სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს ლევან ბეჟაშვილს, რომ დაკითხვების ვიდეო და აუდიოჩაწერა სამომავლოდ უზრუნველყოფილ იქნეს.

მართალია, ომბუდსმენის ოფისი აღნიშნავს, რომ მის მიერ „ვერ დადგინდა ჟურნალისტებისათვის მოწმეთა ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის პროცესზე დასწრების საშუალების არმიცემის გამო მათი უფლებების დარღვევის ფაქტი“, მაგრამ იქვე ხაზს უსვამს, რომ სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები სახალხო დამცველის რწმუნებულებისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებებში აფიქსირებდნენ დაკითხვების მიმდინარეობისას ადმინისტრაციულ შენობებში მათი თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების ხელშეშლის ფაქტებს, რასაც უკავშირებენ მხოლოდ კონტროლის პალატის საქმიანობას.

სახალხო დამცველი ცალკე პრობლემატურ საკითხად გამოყოფს დასაკითხ პირთა სტატუსისა და მათი უფლებების ბუნდოვანებას. კერძოდ, უწყებაში, რომლის საფუძველზეც დასაკითხავად იბარებდნენ, არ ყოფილა მითითებული, რომ დაბარებულები მოწმის სტატუსს ატარებდნენ, თუმცა აღნიშნული იყო ახსნა-განმარტების მიცემის სავალდებულოობა. ომბუდსმენის ოფისი აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, შესაძლო სამართალდამრღვევს უფლება აქვს, არ მისცეს ახსნა-განმარტება, ხოლო მოწმე ვალდებულია, მისცეს ახსნა-განმარტება.

„გამოკითხული მოქალაქეებიდან არცერთმა არ იცოდა, თუ რა სახის წარმოება მიმდინარეობდა საქართველოს კონტროლის პალატაში და რა საფუძვლით იყვნენ დაბარებულნი“, – აცხადებს ობუდსმენის ოფისი.

სახალხო დამცველი ცალკე პრობლემად გამოყოფს ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის პროცედურასთან მიმართებაში არსებულ სამართლებრივ ბუნდოვანებას და მოუწოდებს კონტროლის პალატას ამ პროცედურის დეტალურად გაწერისაკენ სპეციალური დოკუმენტის შემუშავების გზით.

პარტიების შესახებ კანონი, რომლითაც კონტროლის პალატას პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის ფუნქცია დეკემბრიდან დაეკისრა, ამჟამად პარლამენტში გადახედვის პროცედურას გადის, მათ შორის, კონტროლის პალატის უფლებემოსილებების დაზუსტების კუთხით. ეს საკანონმდებლო ცვლილებები დეპუტატებმა მესამე მოსმენით უნდა მიიღონ.